ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, როგორც ცენზურის მსხვერპლმა, Google-ის, Twitter-ისა და Facebook-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ტრამპის განცხადებით, აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს სიტყვის თავისუფლების განვითარებას.
პრეზიდენტ ტრამპს სოციალური მედიებით სარგებლობა იანვარში, მას შემდეგ შეეზღუდა, რაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობას დაესხნენ თავს.
Twitter-ის განმარტებით, პრეზიდენტს სოციალური ქსელით სარგებლობა შეეზღუდა ძალადობრივი მოწოდებების გამო. ამასთანავე, ტრამპი მტკიცებულებების გარეშე გამომწერებს არწმუნებდა, რომ არჩევნები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბდა. სხვა პოსტში კი აღნიშნა, რომ ინაუგურაციას არ დაესწრებოდა.
ყოფილ პრეზიდენტთან ერთად კონფერენციას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია America First Policy Institute-ის წარმომადგენლები. ტრამპის განცხადებით, კომპანიებმა თუ პრეზიდენტის ანგარიშის წაშლა შეძლეს, პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვის საფრთხე ნებისმიერ მოქალაქეს ემუქრება.
ამერიკის პოლიტიკაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სოციალურ მედიებთან მიმართებით პრობლემური საკითხია: კანონი, სექცია 230-ის სახელით ცნობილი, ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Twitter-ი და Facebook-ი ათავისუფლებს მომხმარებელთა პოსტებზე პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, სოციალურ მედიებს არა გამომცემლის, არამედ პლატფორმის სტატუსი აქვს.
თუმცა მომხმარებელთა დაცვისმიზნით კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, რომელიმე პოსტი წაშალონ, ანგარიში დაბლოკონ ან მფლობელს პლატფორმის გამოყენების შესაძლებლობა შეუზღუდონ.
არც ერთ კომპანიას ტრამპის სარჩელზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ჯეიმს კლეიტონის განმარტებით, აღნიშნული პროცესი გამოკვეთს, რამდენად მნიშვნელოვანია ყოფილი პრეზიდენტისთვის სოციალური მედიებით სარგებლობა. ექსპერტთა მოსაზრებით, დიდი ალბათობით, სარჩელი ტრამპისთვის წარმატებით ვერ დასრულდება.