2018 წლის აპრილში, წინა თვესთან (მარტთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 214 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 22 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 272 მლნ ლარით გაიზარდა. პირველი მაისის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 22.8 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. აქედან, 10.3 მილიარდი ლარშია გაცემული.
ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.8 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 524 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.1%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 60.3% იყო.
აპრილში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 11 მლნ ლარით გაიზარდა და 378 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.7%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ მაისს 2.4% იყო.
2018 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 1.2% პუნქტით შემცირდა და 15.9% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი აპრილში განაკვეთი 0.7% პუნქტით შემცირდა და 8.0% შეადგინა.