აპრილში სახელმწიფო ვალი 208 მილიონი ლარით გაიზარდა

აპრილში სახელმწიფო ვალი 208 მილიონი ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 208 მლნ ლარით გაიზარდა და 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 54 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის კურსის გაუფასურების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 118 მლნ ლარით გაიზარდა. აპრილში საშინაო სახელმწიფო ვალი 90 მლნ ლარით გაიზარდა.

30 აპრილის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 12.9 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 72% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.7 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 720 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 532 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.4%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.