ბოლო ერთ წელიწადში, 2017 წლის 27 აპრილიდან 2018 წლის 27 აპრილამდე, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი 36%-ით (18 დოლარით) გაიზარდა. ნიუ-იორკის ბირჟაზე დღეს ერთი ბარელი ნედლი ნავთობი 68 დოლარი ღირს, რაც ბოლო 40 თვის რეკორდული ფასია. ბოლოს, ბარელი ნავთობი 68 დოლარი 2014 წლის დეკემბერში ღირდა.
ანალიტიკოსების აზრით, ნავთობის ფასის ზრდა ყველაზე მეტად ირანის სანქცირების გარშემო მიმდინარე საუბარმა გამოიწვია, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ისმის. მოლოდინია, რომ თუ ირანის მიმართ სანქციები გამკაცრდება, ბარელი ნავთობის ფასი მინიმუმ 80 დოლარამდე გაიზრდება. ნავთობ ექსპორტიორ ქვეყანათა გაერთიანებაში (OPEC) ირანი ნავთობის წარმოებით მე-3 ადგილზეა, მხოლოდ საუდის არაბეთს და ერაყს ჩამორჩება. მარტის მონაცემებით ირანი დღეში საშუალოდ 3.8 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.
ნავთობის ფასის ზრდას ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნის ზრდა და OPEC-ის მიერ მიწოდების მცირედით შემცირებაც განაპირობებს. თებერვალ-მარტში OPEC-მა ნავთობის ყოველდღური წარმოება 270 000 ბარელით შეამცირა.