ჩრდ. კორეამ ტაქტიკური, ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა გემი წარადგინა

ჩრდ. კორეამ ტაქტიკური, ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა გემი წარადგინა

ჩრდილოეთ კორეამ თავისი პირველი ტაქტიკური ბირთვული წყალქვეშა გემი ექსპლუატაციაში ჩაუშვა და იმ ფლოტის დაქვემდებარებაში შეიყვანა, რომელიც კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის პატრულირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

წყალქვეშა გემის ჩაშვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ წყალქვეშა გემი No. 841 ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ძალების ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება.

სამხედრო ანალიტიკოსებისა და შეიარაღების ექსპერტების განმარტებით, გემი საბჭოეთის დროინდელი Romeo-ს კლასის წყალქვეშა აპარატია, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთისაგან 1970-იან წლებში შეიძინა და მისი წარმოება ადგილობრივად დაიწყო. ვიზუალური შეფასებით, წყალქვეშა გემს რაკეტებისა და ტორპედოების 10 გამშვები აქვს და ის, დიდი ალბათობით, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებითაა აღჭურვილი.

აშშ-ის მთავრობის ყოფილი შეიარაღების ექსპერტის, ვან დიპენის განმარტებით, ამგვარი შეიარაღება ჩრდილოეთ კორეისათვის უპირატესობის მომტანი ვერ იქნება, რადგან საბჭოეთის დროინდელი Romeo-ს კლასის წყალქვეშა გემი ზედმეტად ხმაურიანი და საკმაოდ ნელია.

სამხრეთ კორეის ოფიციალური სამხედრო პირების განცხადებებით, ჩრდილოკორეული წყალქვეშა გემი ოპერირებისთვის მზად არ არის.