დასვენების წინასწარმეტყველი

დასვენების წინასწარმეტყველი

მაშინ, როცა ბევრი ფსონს ხელოვნური ინტელექტის მომავალზე დებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცხელ-ცხელი აპლიკაცია, Hopper-ი, მასზე დღესვე ახდენს კაპიტალიზებას და, შედეგად, $84 მილიონიც აქვს მოზიდული.

მსოფლიშო ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ სამოგზაურო აპლიკაციას ხაზგასმით ძველმოდურ გარემოში დაუდევს ბინა: მონრეალის ყოფილ ქსოვილების უბანში მდებარე თუთიის მუშა ქარხანაში. შიშხინა მანქანებისა და ქიმიური ავზების ლაბირინთში მიმავალი ფრედ ლალონდი – მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაბილეთების დაჯავშნის აპლიკაცია Hopper-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – განმარტავს, რატომ ამ სივრცეს 2009 წლიდან ქირაობს. “რაც უნდა ცუდად გამოიყურებოდეს აქაურობა, ალბათ ყველაზე ჭკვიანურად შერჩეული ადგილი იყო მონაცემთა ცენტრის ჩასაშვებად”, – ამბობს ის. შენობა ჰიდროელექტროენერგიაზე მუშაობს – კანადური სისტემის ნაწილზე, რომელიც იაფი ელექტროენერგიის მარაგს უზრუნველყოფს და იდეალურ ვარიანტს წარმოადგენს ელექტროენერგიას დახარბებული სტარტაპისთვის, ფსონს რომ დიდ მონაცემებზე დებს. Hopper-ის ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებულ რეკომენდაციებს შეუძლია, მგზავრობა უფრო ხელმისაწვდომი და პერსონალიზებული გახადოს, ვიდრე როცა ხალხი თავად გეგმავს თავიანთ მგზავრობას.

განსხვავებით სხვა სამოგზაურო საიტთა უმეტესობისგან, რომლებსაც, როგორც წესი, უნდათ, უმალ გაგაკეთებინონ ჯავშანი, Hopper-ი მოთმინებაზეა დაფუძნებული. “წარმოიდგინეთ ელ-ვაჭრობის საიტი, რომელიც დროის 70%-ში გეუბნებათ, არ იყიდოთო, – ამბობს სტარტაპის პირველი ინვესტორის, Brightspark Ventures-ის პარტნიორი, სოფი ფორესტი. – Hopper-ი სწორედ ამგვარი ანომალიაა”. აპლიკაცია, რომლის სამიზნეს, მეტწილად, არასაქმიანი მოგზაურობის ბაზარი წარმოადგენს, კომპლექსურ ალგორითმს იყენებს, რათა ფრენისა და ყიდვის საუკეთესო ვარიანტები და დროები იწინასწარმეტყველოს და მომხმარებლებს ამის შესახებ ოპტიმალურ დროს შეატყობინოს – კარგა ხნით ადრე მანამდე, სანამ ფასები აიწევს ან დაიწევს.

დაარსებიდან – 2015 წლიდან – მოყოლებული, Hopper-ი ყველაზე მძლავრ ახალბედად იქცა $800-მილიარდიან ფრენის ბაზარში, რომელშიც ლალონდის ყოფილი დამქირავებელი, Expedia და Booking Holdings-ი (უწინ Priceline-ი) ბატონობენ. დღეს მას უკვე 20 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

იანვარში Hopper-ი მეოთხე ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია იყო აშშ-ში Uber-ის, Lyft-ისა და Airbnb-ის შემდეგ. 120-პერსონალიანმა კომპანიამ, რომელსაც 44 წლის ლალონდი და თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი, 46 წლის ჯუსტ უვერკერკი უძღვებიან, ფრენათა გაყიდვით, – ლამის სულ მობილური შეტყობინებების მეშვეობით, – გასულ წელს დაახლოებით $15 მილიონის შემოსავალი გააკეთა.

მომხმარებლები, 300-ზე მეტი ავიახაზის საშუალებით, დღეში $1.5 მილიონის ტოლფას ავიაბილეთებს ყიდულობენ, Hopper-ს კი ბილეთზე, მომსახურების საფასურის სახით, $5-ს ურიცხავენ (ავიახაზები 1%-დან 4%-მდე საკომისიოს იხდიან). Hopper-ი ამბობს, რომ მომხმარებლები, ერთ ბილეთზე საშუალოდ $50-ს ზოგავენ, ხოლო მის მიერ თითქმის ერთი წლით ადრე გაკეთებული პროგნოზები ავიაფასებისთვის 95%-ით ზუსტია. ამასობაში, Kayak-ი ფრენის ფასების პროგნოზს მხოლოდ ერთი კვირით ადრე აკეთებს, ხოლო არაერთი მეტოქე, მაგალითად, Google-ი, მხოლოდ იმას უთითებს, გაიზრდება თუ არა ფასი, და არა იმას, გამოჩნდება თუ არა უკეთესი ვარიანტი.

ექსპერიმენტები კვებეკში გაზრდილი ლალონდის ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. მამამისს, ბიოლოგს, გამუდმებით მიჰქონდა შინ ახალი კომპიუტერები, რომელთაც ლალონდი პროგრამის შესასწავლად იყენებდა. კოლეჯში სიარულის ნაცვლად, 1993-ში, ის ლოს-ანჯელესში გადავიდა, რათა ავიაბილეთების ონლაინკომპანია, Travel Online-ი წამოეწყო (ეს Expedia-ს ჩაშვებამდე ხდებოდა). ფინანსები ვერ მოიზიდა და, 23 წლის ასაკში, მონრეალში გადავიდა, თავის მეგობარ გოგონასთან (დღეს უკვე ცოლთან) ერთად რომ ყოფილიყო. მალევე მან Newtrade Technologies-ი შექმნა, რომელიც სასტუმროს დასაჯავშნ სისტემებსა და დასაჯავშნ საიტებს შორის ფაქსებს პროგრამული უზრუნველყოფით ანაცვლებდა. ეს ბიზნესი 2002-ში Expedia-მ იყიდა.

Expedia-ში, სასტუმროს პროდუქტებისა და შეთავაზებათა ზედამხედველი აღმასრულებლის რანგში, ლალონდს თვალში ეცა ის გარემოება, რომ ახალ-ახალი ადგილების აღმოჩენისთვის ხალხს უფრო კარგი საშუალებები არ ჰქონდა. 2006-ში თანამდებობა დატოვა, თან გაიყოლა Expedia-ის პროდუქტის მენეჯერი, უვერკერკი, და სამოგზაურო დანიშნულების პუნქტთა საიტის შექმნას შეუდგა. გრძელი მოგზაურობა გამოდგა: პირველ წლებში მათ არ ჰქონდათ საკმარისი კაპიტალი, მძლავრი სერვერები რომ შეექმნათ, თუმცა ავიაფასებისა და მოგზაურობის მონაცემების შეგროვების მიზნით, გარიგებათა წარმოება დაიწყეს. 2011-ში, Series A საინვესტიციო რაუნდმა მათ საშუალება მისცა, გრძელვადიანი მონაცემთა ცენტრი შეექმნათ. 2013-ისთვის კი უკვე საკმარისი მონაცემები ჰქონდათ, ალგორითმებზე რომ დაეწყოთ მუშაობა. მომდევნო წელს Hopper.com-იც ჩაეშვა.

საიტი მალევე გადაივსო მნახველებით, თუმცა ხალხს მხოლოდ მცირედი ულუფა აინტერესებდა: ფრენათა პროგნოზები. ლალონდი მიხვდა, რომ მომხმარებლებს არ უნდოდათ სამოგზაურო პუნქტის მანამდე არჩევა, სანამ ფრენის ფასებს არ გაიგებდნენ. ჰოდა, ვებგვერდის დახურვა და ექსკლუზიურად ავიაფასების პროგნოზზე მუშაობა გადაწყვიტა. მისი კიდევ ერთი საკვანძო მიმართულება: Hopper-ს მხოლოდ მობილურზე უნდა ეარსება. მართლაც, 2015-ში, Hopper-მა აპლიკაცია გამოუშვა.

ვენჩურული დაფინანსების სახით, Hopper-მა $83.6 მილიონი მოიზიდა ისეთი ფირმებისგან, როგორიცაა Accomplice-ი და Omers Ventures-ი (2016-ის მიწურულს, კომპანია დაახლოებით $300 მილიონად იქნა შეფასებული), და ახლა მზადაა, გაცილებით დიდი გახდეს. ხელოვნური ინტელექტით წარმართული შესყიდვები (მაგალითად, შეთავაზებები, იმოგზაურო სხვადასხვა დროს თუ სხვადასხვა ადგილას) ახლა გაყიდვათა 25%-ზეა პასუხისმგებელი, ნოემბერში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. ხელოვნურმა ინტელექტმა იცის, მაგალითად, რომ Hopper-ის იმ მომხმარებლებმა, რომლებიც ნიუ-იორკიდან ჰავაიმდე ფრენებს ათვალიერებენ, მეტი შანსია, იყიდონ ავიაბილეთი კარიბის ზღვის სანაპიროზე. ლალონდს აქვს მოლოდინი, რომ დროთა განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი შესყიდვების 75%-ზე გახდება პასუხისმგებელი.

“თუ თებერვალია და ათვალიერებ ფრენებს ოთხკაციანი ოჯახისთვის სოლტ-ლეიკ-სიტიში, Hopper-მა იცის, რომ თხილამურებით სრიალი გინდა, – ამბობს Accomplice-ის პარტნიორი ჯეფ ფეგნანი. – რა მოხდება, თუ სანაცვლოდ დენვერში გადაგამისამართებენ $100-ით იაფად? მოწოდება-მოთხოვნის მთელ დიაგრამას ცვლიან ინდუსტრიაში”.

მომხმარებელთა უმეტესობა ახალი ათასწლეულის სპონტანური წარმომადგენლები არიან – როგორიცაა, მაგალითად, 24 წლის მორგან ავერი – საცალო ვაჭრობის კოორდინატორი ნიუ-იორკში. ავერიმ Hopper-ით სარგებლობა მას მერე დაიწყო, რაც მისი წყალობით ნიუ-იორკ-ლოს-ანჯელესის აქეთ-იქითა ბილეთი $164-ად ჩაიგდო ხელში. სადილობდა, აპლიკაციის საშუალებით შეტყობინება რომ მიიღო, და ბილეთი უმალ შეიძინა. “Hopper-ი, პრაქტიკულად, გარანტიას მაძლევს, რომ ყველაზე იაფ ვარიანტს ვიყიდი, – ამბობს ის. – ყველაზე საზიზღარი შეგრძნებაა, ბილეთს რომ ჯავშნი და შემდეგ კვირაში ხედავ, რომ მისი ფასი $200-ით დავარდა”.

2017-ის მიწურულს Hopper-მა თავისი პროგნოზისა და დაჯავშნის ინსტრუმენტის არეალი გააფართოვა და სასტუმროებიც მოიცვა – სფერო, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდ ბიზნესშესაძლებლობას ქმნის. აპლიკაცია დღეს მომხმარებელს 200-ზე მეტ სასტუმროს სთავაზობს; ფასდაკლებები, როგორც წესი, 10%-დან 15%-მდე დიაპაზონში მერყეობს აშშ-ის ხუთ მთავარ ქალაქში, თუმცა მომდევნო ექვს თვეში კიდევ 15 დიდ ქალაქში გაფართოება იგეგმება. იანვარში Hopper-ის ავიაბილეთების სარფიანი შეთავაზებების, “Secret Fares”-ის, დებიუტი შედგა, რომელიც ავიახაზებს საშუალებას აძლევს, შედარებით იაფი ადგილები უფრო სწრაფად გაყიდონ და მეტი დრო იქონიონ ე.წ. ბოლო წუთას შეძენილი და ბიზნესკლასის ბილეთებისთვის, ეს უკანასკნელი კი ავიახაზების შემოსავლების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. პლატფორმა ბილეთებს დაახლოებით 10%-დან 20%-მდე ფასდაკლებით ყიდის.

დღეს Hopper-ი საერთაშორისო ზრდასა (მომხმარებლებს 160-ზე მეტ ქვეყანაში შეუძლიათ ავიაბილეთების ყიდვა) და სასტუმროების დამატებაზეა ფოკუსირებული. ლალონდის პროგნოზით, 2018-ის ბოლოსთვის პერსონალის რიცხვი გაორმაგდება და 200 თანამშრომელს გადააჭარბებს, ძირითადად – მონაცემთა მეცნიერებაში, ინჟინერიასა და მომხმარებლის მომსახურებაში. სამყაროში, რომელიც სულ უფრო იზოლაციონისტური ხდება, ლალონდის აზრით, Hopper-ი შეძლებს, მგზავრობა უფრო იაფი და მოსახერხებელი გახადოს.

“ჩვენი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ადამიანები უფრო ადრე იწყებენ საყიდლების განხორციელებას და ისეთ რამეებს ყიდულობენ, რაც არ იცოდნენ, რომ უნდოდათ, – ამბობს ის. – ჩვენ მხოლოდ გაუმჯობესებული ველოსიპედი აღარ ვართ”.