დღეს, 14 აპრილს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2528 შეადგინა. ბოლო ერთ თვეში, სებ-მა ჯამში 25 მლნ დოლარი შეისყიდა.
სებ დოლარს ყიდულობს ან ყიდის იმ შემთხვევაში, როდესაც სავალუტო ბაზარზე საქმე გვაქვს ე.წ. „გადაცილებასთან“ (overshooting). ეს ის მომენტია, როდესაც ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუფასურება ან გამყარება მნიშვნელოვანწილად აჟიოტაჟის გამო ხდება და რეალურად, ვალუტის კურსის სწრაფად და მნიშვნელოვნად ცვლილების წმინდა ეკონომიკური მიზეზები არ არსებობს. მეორე მხრივ, ვალუტის კურსის რყევის მაღალი სიდიდე აზარალებს ბიზნეს გარემოს გაურკვევლობის ზრდის გამო და უმჯობესია, ვალუტის კურსის გამყარება თანდათანობით ხდებოდეს, ყიდვა-გაყიდვის ფასს შორის კი რამოდენიმე თეთრის სხვაობა არ იყოს.