Forbes 400. 20 უმდიდრესი ამერიკელი

Forbes 400. 20 უმდიდრესი ამერიკელი

ტოპ-ოცეულში უმდიდრესი ამერიკელების 5% შევიდა, მათ შორის – ექვსი ადამიანი, ვინც წელს ყველაზე დიდი ფულადი შემოსავალი მიიღო და თავის ქონებას 100 მილიარდი შემატა. სუპერელიტის ეს ქვეჯგუფი, THE FORBES 400-ის საერთო ქონების 32%-ს ფლობს.

1. ბილ გეიტსი

$81 მილიარდი

წყარო: MICROSOFT

ასაკი: 58 საცხოვრებელი ადგილი: მედინა, ვაშინგტონი

ამერიკის უმდიდრესი ადამიანი თავის მილიარდებს იმისთვის იყენებს, რომ მთელ მსოფლიოში მასშტაბური სოციალური ცვლილება განახორციელოს. 2000 წლიდან ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა ქველმოქმედებაში $30 მილიარდი დახარჯა – ეს თანხა ამერიკის მდიდრების სიაში რიგით მე-16 ადამიანს ეკუთვნის. პოლიომიელიტი თითქმის დამარცხებულია; ამჟამად გეიტსი მალარიასა და მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ ცოცხალ არსებას – მოსკიტს ებრძვის. გეიტსმა ასევე ებოლას აფეთქების წინააღმდეგ ბრძოლისათვის $50 მილიონი გადარიცხა, ხოლო $1 მილიონი ვაშინგტონის შტატის იარაღის ტარების მაკონტროლებელ ჯგუფს გადასცა, რომელიც იარაღის მფლობელთა შემოწმებას უჭერს მხარს. გეიტსისთვის ეს მნიშვნელოვანი წელი იყო. თებერვალში, Microsoft-ის დაფუძნებიდან 39 წლის შემდეგ, ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და აპრილში უკვე კომპანიის უმსხვილესი მეწილე აღარ იყო. ვინაიდან Microsoft-ის, კანადის ნაციონალური რკინიგზისა და ნაგვის გადამამუშავებელი კომპანიის, Republic Services-ის აქციების ფასმა მოიმატა, მისი ქონება 9 მილიარდით გაიზარდა.

 

2. უორენ ბაფეტი

$67 მილიარდი 

წყარო: BERKSHIRE HATHAWAY

ასაკი: 84 საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა.

ამერიკელი მდიდრების მეტად დაბეგვრისთვის მებრძოლმა მწვავე კრიტიკას გაუძლო მას შემდეგ, რაც ფინანსური დახმარება გაუწია შემოთავაზებულ Burger King-Tim Hortons-ის შერწყმას, რომელიც აღიქვა, როგორც გადასახადებისგან თავის არიდება. მისი Berkshire Hathaway-ის აქციების ფასი, გასულ წელს რეკორდული 21%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა რეკორდული $205 000 შეადგინა.

ბაფეტის ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, Berkshire-ის აქციებით არის წარმოდგენილი, ამ დროს $8,5 მილიარდით გაიზარდა, მიუხედვად იმისა, რომ მან კიდევ $2,8 მილიარდი Berkshire-ის აქციებში ჩადო.

საბირჟო მაკლერის ვაჟიშვილი კონგრესმენი გახდა. ბაფეტმა არაერთი ათეული წელი დახარჯა იმისთვის, რომ მყარი ბრენდების მქონე არასათანადოდ შეფასებული კომპანიები შეერჩია და ამჟამად Berkshire-ი Wells Fargo-ს, Coca-Cola-სა და IBM-ის უმსხვილესი ინვესტორია. დღეს მომავალი ინვესტორები ბაფეტის ფასიანი ქაღალდების პორტფელსა და აქციონერის ყოველწლიურ წერილებს თავგამოდებით სწავლობენ. ბაფეტი თავის წინასწარმეტყველურ პორტფელს ქველმოქმედებისთვისაც იყენებს. თავის მეგობარ ბილ გეიტსთან ერთად მან საქველმოქმედო კამპანია, Giving Pledge-ი წამოიწყო და მას $23 მილიარდი შესწირა.

 

3. ლარი ელისონი

$50 მილიარდი

წყარო: ORACLE

ასაკი: 70 საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია

მიკრომენეჯმენტით განთქმულმა Oracle-ის დამფუძნებელმა თავისი გენერალური დირექტორის მოვალეობები Oracle-ის ორ დიდი ხნის პრეზიდენტს გადასცა. ელისონი, რომელსაც თავისი მამა არასოდეს უნახავს, ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს. ის ცენტრალურ საგამოძიებო სამმართველოში მონაცემთა ბაზის პროექტზე მუშაობდა და ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ 1977 წელს მან პროგრამული უზრუნველყოფის საკუთარი კომპანია დააარსა; მოგვიანებით მას Oracle-ი დაარქვა. ელისონი თავმჯდომარისა და ტექნიკური დირექტორის თანამდებობებს შეინარჩუნებს. გადადგომის შემდეგ მას თავისი უამრავი ჰობისთვის უფრო მეტი დრო გაუჩნდა. ელისონი ხელგაშლილად ცხოვრობს, ის სამთო ველოსპორტითა და იალქნიანი სპორტით არის გატაცებული. დღეს მისი მთავარი პროექტი არის ჰავაის კუნძული ლანაი, რომელსაც ის ფლობს და რომელიც მწვანე დასახლებად უნდა აქციოს.

ლარი ელისონი 

4-5. ჩარლზ კოხი

$42 მილიარდი

წყარო: დივერსიფიცირებული

ასაკი: 78 საცხოვრებელი ადგილი: ვიჩიტა, კანზასი

4-5. დევიდ კოხი

$42 მილიარდი

წყარო: დივერსიფიცირებული

ასაკი: 74 საცხოვრებელი ადგილი: ნიუ-იორკი

ცნობილი კაპიტალისტების წყვილმა თავისი ისედაც მნიშვნელოვანი იმპერია იმით გაზარდა, რომ გასულ წელს $9 მილიარდის შენაძენი გააკეთა. ახლად შეძენილი კომპანიები, როგორიცაა საღებავების მწარმოებელი Flint Group-ი და PetroLogistics-ი კარგად შეეფერება იმას, რაც ძმებს უკვე აქვთ. Koch Industries-ი, ნავთობსადენებს, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებს, სამშენებლო მასალებისა და ტუალეტის ქაღალდის საწარმოებს, ასევე Dixie Cups-საც ფლობს. კოხები რესპუბლიკური პარტიის წევრებს აფინანსებენ, რის გამოც მათ მარცხენა ფრთაში მტრები ჰყავთ. სენატორ ჰარი რეიდის თქმით, კოხები „ქვეყნის ყიდვას ცდილობენ“. კოხები მის განცხადებას „შეურაცხმყოფელს“ უწოდებენ.

6. კრისტი უოლტონი

$38 მილიარდი

წყარო: WAL-MART

ასაკი: 59 საცხოვრებელი ადგილი: ჯეკსონი, ვაიომინგი

 

7. ჯიმ უოლტონი

$36 მილიარდი 

წყარო: WAL-MART

ასაკი: 66 საცხოვრებელი ადგილი: ბენტონვილი, არკანზასი

 

8. მაიკლ ბლუმბერგი

$35 მილიარდი

წყარო: BLOOMBERG LP

ასაკი: 72 საცხოვრებელი ადგილი: ნიუ-იორკი

გასული წლის შემოდგომაზე, მერობის თანამდებობიდან წამოსვლის შემდეგ, ბლუმბერგმა თავისი გეგმები ასე აღწერა: დასვენება ჰავაიზე. გოლფის თამაში (ერთ დღეს მე 90-ზე ცოტა ნაკლები დარტყმა გავაკეთე). ჩინეთში გამგზავრება. საქველმოქმედო პროექტებზე მუშაობა. დაბრუნება Bloomberg LP-ში ამ გეგმებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. „ეს იქნება სადღეღამისო სამსახური, რომლის კეთებაც მე არ მსურს“. და ძირითადად ასეც არის. სექტემბერში მან გამოაცხადა, რომ წლის ბოლოს დაბრუნდება, რათა მართოს $9-მილიარდიანი (გაყიდვები) Bloomberg LP — სარეკლამო და ფინანსური მონაცემების კომპანია, რომელიც მან 1982 წელს შექმნა, მას შემდეგ, რაც Salomon Brothers-მა სამსახურიდან დაითხოვა.

იცოდეთ, რომ Bloomberg-ი ძალაუფლებას შეინარჩუნებს და მილიონებს ისეთ საკითხებზე დახარჯავს, როგორიც არის იმიგრაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და იარაღის გაცემის გაკონტროლება — უკანასკნელის გამო ის მსროლელთა ეროვნულ ასოციაციასთან დაპირისპირებაში შევიდა. „მსოფლიოს პრობლემები იმდენად დიდია, რომ უზარმაზარ თანხებს მოითხოვენ“.

 

9. ელის უოლტონი

$34.9 მილიარდი 

წყარო: WAL-MART

ასაკი: 64 საცხოვრებელი ადგილი: ფორტ-ვორთი, ტეხასი

 

10.სემუელ რობსონ უოლტონი

$34.8 მილიარდი 

წყარო: WAL-MART

ასაკი: 70 საცხოვრებელი ადგილი: ბენტონვილი, არკანზასი

სემ უოლტონმა თავის მემკვიდრეებს დაუბარა Wal-Mart-ის აქციების დიდი რაოდენობა არასდროს გაეყიდათ. თავისი დირექტივა მან დაშინებით გაამაგრა: „თუ ამ სისულელის გაკეთებას დაიწყებთ, მე დავბრუნდები და არ მოგასვენებთ“. მათ ეს ულტიმატუმი სერიოზულად მიიღეს. სემის გარდაცვალებიდან 22 წლის შემდეგ მისი ვაჟიშვილები რობი და ჯიმი, ქალიშვილი ელისი და რძალი კრისტი, მის მიერ ბენტონვილში შექმნილ საცალო ვაჭრობის იმპერიას კვლავ აკონტროლებენ. საერთო ჯამში ისინი Wal-Mart-ის 51%-ს ფლობენ. მათ ინტერესებს რობი იცავს, რომელიც 22 წელია, რაც Wal-Mart-ის თავმჯდომარეა და მოგების $44-დან $476 მილიარდამდე ზრდას მიაღწია. ბოლო დროს დაბალი ხელფასებით უკმაყოფილო თანამშრომელთა გაფიცვებმა და მექსიკაში მდებარე Wal-Mart-ის მიერ ქრთამის აღების სკანდალმა დირექტორთა საბჭოში მისი პოზიცია შეარყია. სემის მეორე ვაჟიშვილი ჯიმი ასევე Wal-Mart-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და საოჯახო Arvest Bank-ის გენერალური დირექტორია. მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონი, ელისი თავისი Crystal Bridges-ის მუზეუმითაა დაკავებული, რომელშიც თანამედროვე ამერიკული ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი. იგი ვაიომინგში განმარტოებულად ცხოვრობს.

 

11. მარკ ცუკერბერგი

$34 მილიარდი

წყარო: FACEBOOK

ასაკი: 30 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია

Facebook-ის გენერალური დირექტორი ფსონს იმ შენაძენებზე აკეთებს, რომლებიც მას მისი სოციალური ქსელის წარმოჩენასა და ახალი ტენდენციების ათვისებაში დაეხმარება. გასაიდუმლოებული შეხვედრების შემდეგ ცუკერბერგმა, თებერვალში, Facebook-ის მიერ მოკლე შეტყობინებების მობილური სერვისის აპლიკაციის, WhatsApp-ის აქციების $19 მილიარდად შეძენაზე დადო ხელშეკრულება. მომდევნო თვეში მან ვირტუალური რეალობის ჩაფხუტების მწარმოებელ Oculus VR-ზე $2 მილიარდი დახარჯა, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ Oculus VR–ს ეს პროდუქტი გაყიდვისთვის მზად ექნებოდა. Facebook-ის აქციების ფასმა მოიმატა, რის შედეგადაც, გასულ წელს, ცუკერბერგის წმინდა ქონება $15 მილიარდით გაიზარდა და ის სიის ყველაზე მსხვილი ფულადი შემოსავლის მქონე წევრი გახდა.

 

12. შელდონ ადელსონი

$32 მილიარდი

წყარო: სამორინეები

ასაკი: 81 საცხოვრებელი ადგილი: ლას-ვეგასი

2012 წელს ადელსონმა დაახლოებით $100 მილიონი დახარჯა რესპუბლიკელების თეთრ სახლში მოხვედრის მცდელობისას. 2016 წლისთვისაც უკვე ძალებს იკრებს. მარტში მან ლას-ვეგასში უმასპინძლა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატების ღონისძიებას, რომელსაც „ადელსონის პრაიმერი“ უწოდეს. მარჯვენა ფრთის იდეოლოგის იმიჯის მიუხედავად, მან ივლისში, ბილ გეიტსთან და უორენ ბაფეტთან ერთად დაწერა და New York Times-ში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საიმიგრაციო რეფორმის კომპრომისს მხარს უჭერდა. ადელსონი ბოსტონში ნაქირავებ ბინაში გაიზარდა, სადაც მას იატაკზე უწევდა ძილი. პირველი საგაზეთო კიოსკი მან 12 წლის ასაკში თავისი ბიძისგან ნასესხები $200-ით იყიდა. ახლა ის მსოფლიოში სამორინეების უმსხვილეს კომპანიას, Las Vegas Sands-ს ფლობს.

 

13. ლარი პეიჯი

$31,5 მილიარდი

წყარო: GOOGLE

ასაკი: 41 საცხოვრებელი ადგილი: პალო ალტო, კალიფორნია

Google-ის გენერალური დირექტორი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მმართველ თანამდებობებზე ცვლილებები განახორციელა, კვლევებს ისეთ სფეროებში ატარებს, როგორიცაა უპილოტო ავტომობილები და სატელევიზიო პლატფორმები. თავისი შენაძენებით ის Google-ის საზღვრებს აფართოებს და მისი აქციების ფასს ზრდის. ის ფლობს სახლის თერმოსტატების მწარმოებელ Nest-ს და სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მწარმოებელ Dropcam-ს. აპრილში Google-მა აქციების დანაწევრება მოახდინა, რამაც პეიჯს, მის თანადამფუძნებელ სერგეი ბრინსა და სხვა ტოპ-მენეჯერებს ხმების კონსოლიდირების საშუალება მისცა. პეიჯის მამამ, მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამირების ლექტორმა, მას პირველი კომპიუტერი 1978 წელს უყიდა. პეიჯი ამ დროს 5 წლის იყო.

 

14. სერგეი ბრინი

$31 მილიარდი

წყარო: GOOGLE

ასაკი: 41 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია

ბრინი Google-ის გასაიდუმლოებულ განყოფილებას, Google X-ს მართავს, რომელიც ისეთ სარისკო პროექტებზე მუშაობს, როგორიცაა ჭკვიანი კონტაქტური ლინზები, საფრენი აპარატები საქარე ტურბინებით და Google Glass-ი. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს დამატებითი რეალობის სათვალეზე, რომლის წარმოებას Google-ი უკვე გეგმავს და, რომელიც მისი იმიჯის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბრინი 2013 წლის შემოდგომაზე საგაზეთო სათაურებში იმის გამო მოხვდა, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა Google-ის ახალგაზრდა თანამშრომელთან. ეს მოხდა მის მეუღლესთან, ან ვოიჩიტსკისთან განქორწინების ფონზე. ბრინის მშობლები აკადემიკოსები იყვნენ. ისინი, როდესაც ბრინი ექვსი წლის იყო, ანტისემიტიზმს გამოექცნენ და რუსეთიდან აშშ-ში გადმოვიდნენ.

15. ჯეფ ბეზოსი

$30,5 მილიარდი 

წყარო: AMAZON.COM

ასაკი: 50 საცხოვრებელი ადგილი: სიეტლი

მისი Amazon.com-ი 20 წლის წინ გამოჩნდა, როგორც წიგნების ინტერნეტმაღაზია, მაგრამ დღეს ის ერთ მილიონზე მეტი დასახელების საქონელს ყიდის, მათ შორის. ივნისში მან კომპანიის პირველი სმარტფონი Fire Phone-ი წარმოადგინა, თუმცა პირველი რეაქცია ამ მოწყობილობაზე საკმაოდ გრილი იყო.

კომპანიის პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდების სერვისი, Amazon Fresh-ი, მხოლოდ სამ ქალაქში არსებობს, მაგრამ, არსებული ინფორმაციით, მისი გაფართოება უკვე დაგეგმილია. Amazon-ი წიგნების ბიზნესში კვლავ მთავარ ძალას წარმოადგენს, თუმცა ის უკვე 6 თვეა, რაც დაპირისპირებულია გამომცემლობა Hachette-თან, რომელსაც სურს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდეს იმ ელექტრონული წიგნების ფასების დარეგულირებაში, რომლებსაც ის Amazon.com-ზე ყიდის. ბეზოსს მამა არ ჰყავდა. ის გაზარდეს დედამ და მამინაცვალმა, რომელიც ემიგრანტი იყო კუბიდან. ის პრინსტონში ელექტროტექნიკასა და პროგრამირებას სწავლობდა, შემდეგ ჰეჯ-ფონდ D.E. Shaw-ში მუშაობდა. 1994 წელს თავის ავტოფარეხში Amazon-ი დააარსა. ის კვლავ ფლობს კომპანიის 18%-ს.

16. კარლ აიკანი

$26 მილიარდი

წყარო: ინვესტიციები

ასაკი: 78 საცხოვრებელი ადგილი: ნიუ-იორკი

აიკანის აქტიური ინვესტირება კვლავაც ბევრ კომპანიას აფორიაქებს. აგვისტოში მან Hertz Global Holdings-ის აქციები იყიდა და განაცხადა, რომ სურს დირექტორთა საბჭოს იმის შესახებ დაელაპარაკოს, „რომ მართვა არ არის საკმარისად დამაჯერებელი“. სექტემბრის დასაწყისში მარკ ფრისორა Hertz-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა. ზაფხულში Family Dollar Stores-ის აქციების ყიდვამ მას $8,5 მილიარდად Dollar Tree-ის შეძენის საშუალება მისცა. 2014 წლის პირველ ნახევარში აიკანის საინვესტიციო ფონდი 10,2%-ით გაიზარდა და Standard & Poor’s 500-ის ინდექსს გაასწრო. ის, ქუინსის კვარტალში, ფარ-როკარუიესში გაიზარდა და პრინსტონის ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა.

17. ჯორჯ სოროსი

$24 მილიარდი

წყარო: ჰეჯ-ფონდები

ასაკი: 84 საცხოვრებელი ადგილი: კატონა, ნიუ-იორკი

ადამიანმა, რომელმაც ჰეჯ-ფონდების წარმატების სტანდარტები ჩამოაყალიბა, იქ მოხვედრისთვის საკმაოდ გრძელი გზა გაიარა. იგი ფაშისტების მიერ ბუდაპეშტის ოკუპაციის დროს გადარჩა, 1947 წელს უნგრეთის კომუნისტურ რეჟიმს გაექცა, ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა და რკინიგზაზე მტვირთავად მუშაობდა. ფინანსურ სფეროში სტარტი კომერციულ ბანკში აიღო. ცნობილია იმით, რომ 1992 წელს ბრიტანული გირვანქის ღირებულების დაწევაში მონაწილეობდა. 2011 წელს მან ფული ინვესტორებს დაუბრუნა. ის თავისი ფულის მართვას მთელ დროს უკვე აღარ უთმობს, ამის ნაცვლად, ქველმოქმედებითა და პოლიტიკით არის დაკავებული.

 

 

18. სტივ ბალმერი

$22,5 მილიარდი

წყარო: MICROSOFT

ასაკი: 58 საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი

თებერვალში ბალმერი Microsoft-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა და უკვე ცოტა ხანში Los Angeles Clippers-ის ხელმძღვანელობას შეუდგა. აგვისტოში მან გუნდში $2 მილიარდი გადაიხადა, რაც კალათბურთის ეროვნული ასოციაციის გუნდში გადახდილი ყველაზე მაღალი ფასია. დიდი თანხის გადახდა ბალმერს არ ანაღვლებს, ის კიდევ უფრო მდიდარი გახდა, რადგან მისი წასვლის მერე Microsoft-ის აქციების ფასი სტაბილურად იზრდება. გასულ წელს მისმა ქონებამ $4,5 მილიარდით მოიმატა.

აპრილში ბალმერი Microsoft-ის უმსხვილესი ინდივიდუალური აქციონერი გახდა, ხოლო მისი კურსელი ჰარვარდიდან, ბილ გეიტსი, დივერსიფიკაციას აგრძელებს. მისი სიყვარული კალათბურთის მიმართ ახალი რამ არ არის.

ბალმერმა სიეტლის SuperSonics-ის სეზონური ბილეთების ყიდვა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო და Microsoft-ის თანადამფუძნებელმა და Portland Trail Blazers-ის მფლობელმა, პოლ ალენმა ბალმერი შთააგონა თავისი საკუთარი გუნდი ეყიდა. პირველი ორი მცდელობა წარუმატებლობით დასრულდა.

 

19-20. ფორესტ მარს უმცროსი

$22 მილიარდი

წყარო: ტკბილეულობა

ასაკი: 83 საცხოვრებელი ადგილი: ბიგ-ჰორნი, ვაიომინგი

 

19-20. ჟაკლინ მარსი

$22 მილიარდი

წყარო: ტკბილეულობა

ასაკი: 74 საცხოვრებელი ადგილი: ფლეინსი, ვირჯინია

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).