მიმდინარე წლის იანვარში საქართველოს სახელმწიფო ვალი 720 მლნ ლარით გაიზარდა და 31 იანვრის მდგომარეობით საქართველოს, 31.6 მილიარდი ლარის სახელმწიფო ვალი აქვს. ზრდა, საგარეო ვალის აღებამ და ლარის გაუფასურებამ გამოიწვია. იანვარში საგარეო ვალი, 255 მლნ დოლარით გაიზარდა და 7.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 25.7 მილიარდი ლარია. რადგან წელს მთავრობა ახალ საშინაო ვალს არ იღებს და წინა წლებში აღებულს ისტუმრებს, იანვარში საშინაო სახელმწიფო ვალი 318 მლნ ლარით შემცირდა. რომ არა საშინაო ვალის კლება, იანვარში მთლიანი ვალი მილიარდ ლარზე მეტად გაიზრდებოდა.
საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 68% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 6.8 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. 5.7 მილიარდი ლარის დავალიანება აქვს აზიის განვითარების ბანკის მიმართ. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 2.3 მილიარდი ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის საფრანგეთი 1.9 მილიარდი ლარით.
საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 64%-ია.