ჯო დიუსე 21-ე საუკუნის დიზაინერის ცოცხალ პროტოტიპს წარმოადგენს. იგი BMW-ის ბრენდის დიზაინის, Procter & Gamble PG +0.1%-ის შეფუთვის, ასევე Whirlpool WHR +0.33%-ისა და Braun-ის ტექნიკის კონცეფციის ავტორი გახლავთ. ჯო დიუსე ბრუკლინის სადიზაინერო წრეების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მის ნამუშევრებს ამერიკის ფარგლებს გარეთ, მთელ მსოფლიოში იცნობენ. 2010 წელს მან ორგანიზება გაუკეთა დიზაინერის პერსონიფიცირებულ Munny სათამაშოების ერთი ღამის შოუს Ace Hotel New York-ში, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის მეოცე საუკუნის შუა პერიოდის მოდერნისტი – ვლადიმირ კაგანი. 2014 წლის ზაფხულის კოლექციის მყისიერი გაყიდვის საიტის, Fab-ის შექმნის გარდა, ჰიუსტონში დაბადებულმა 43 წლის დიზაინერმა გამოუშვა Whyte Label-ი, სახლის ინტერიერის ძვირად ღირებული პროდუქციის ხაზი, რომელიც შეკვეთით დამზადდა მანჰეტენზე მდებარე მის სტუდიაში Joe Doucet Studio; მან აგრეთვე შექმნა მობილური ტელეფონის პირველი თამაში AMU, რომელიც ეკრანზეც ვითარდება და ჩვენ გარშემო სამყაროშიც. ახლა კი დიუსემ გადაწყვიტა, შეცვალოს ადამიანების შეხედულება თავის პროფესიასთან მიმართებით.
„დიზაინი მხოლოდ ტექნიკური და სტილისტური დამუშავება როდია, ეს პრობლემის გადაჭრის ხერხია, – ამბობს მრავალდარგობრივი მიდგომის მომხრე დიუსე, რომელიც საქმეს სახაზავ დაფასთან მისვლამდე ბევრად ადრე იწყებს. – მე, როგორც წესი, თავიდან ერთ ან ორ წინადადებას ვწერ ამოცანის შესახებ, იმის შესახებ, თუ რა უნდა აფიქრებინოს, აგრძნობინოს ან გააკეთებინოს კონკრეტულმა პროდუქტმა ადამიანებს”.
იგი ამ მეთოდს იყენებს ყველაფერთან მიმართებით – დაწყებული სამომხმარებლო ელექტრონიკით და დამთავრებული მოდაში შემოსული ღვინის გასაგრილებელი დანადგარებით, რომელთაც საფუძვლად ქარის სისტემები და ჰაერის ცივი მასების პრინციპი უდევს. ბრენდირებისა და microniches-ის ეპოქაში დიუსემ თავი წარმოაჩინა, როგორც მრავალმხრივ წარმატებულმა ადამიანმა, რომელიც ერთნაირად სრულყოფილად ფლობს ხელოვნების, პროდუქტის დიზაინისა და მარკეტინგის ენას. „დიზაინი კომუნიკაციის ფორმა გახლავთ, რომელიც ესთეტიკის კატეგორიებს – ფორმას, ფერსა და ტიპოგრაფიას – ნივთის შესახებ მესიჯის შესაქმნელად იყენებს, – ამბობს იგი. – ზოგიერთი ნივთი ამ თვალსაზრისით მისაღებია, სხვებს კი თავიდან გამოგონება სჭირდება”.
დიუსე, რომელსაც თავისი გამოგონებებისთვის 50-ზე მეტი პატენტი აქვს აღებული, განსაკუთრებულ ტალანტს ყოველდღიური ნივთების ახალი ფორმების მოფიქრებაში ამჟღავნებს – მასში ერთმანეთს ერწყმის კონცეპტუალური ხელოვნების იმპულსები, მშვიდი პრაქტიკულობა და სახალისო იუმორის გრძნობა. ბებიამისის მიერ ნაჩვენები წერილების ყუთის კარნახით მან შექმნა ე.წ. BlackBox-ი, რომელიც ტექსტური შეტყობინებების პრინტერს წარმოადგენს. ის საშუალებას გვაძლევს, „აღვადგინოთ ურთიერთობა სალაროს აპარატის ჩეკებთან”. დიზაინერის ერთშეგრძნებიანი ხმაურის ჩამხშობი ყურსასმენები, როგორც თავად ავტორი ამბობს, „ბუნების გამაფრთხილებელ სიგნალებს დაკბილულ წვეტებსა და წითელ ფერს” ემყარება. ეს ყველაფერი გაერთიანებულია თვალის დამცავ ეკრანში, რომელიც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც Star Trek-ის ჯორდი ლა ფორჟისა და ლედი გაგას საერთო პირმშო. შავკანიანი ოლიგარქების ინსპირირებით შეიქმნა Fetish-ი, 24-კარატიანი ოქროთი მოსავადებული საფერფლე, რომელიც დიუსემ ბრანკუზის სტილში შექმნა. საფერფლე 3,300 აშშ დოლარად გაიყიდა. „ამ ნივთს Twitter-ში დიდი გამოხმაურება ჰქონდა”, – იცინის დიუსე.
მიუხედავად იმისა, რომ იგი მეოცე საუკუნის ისეთი ინდუსტრიული დიზაინერების ტრადიციების გამგრძელებელია, როგორებიც არიან უოლტერ დორვინ ტიგი (Kodak-ისა და Texaco-ს მთავარი დიზაინერი) და რეიმონდ ლოვი (Lucky Strike-ს ლოგოსა და Studebaker Avanti-ის დიზაინის შემქმნელი), დიუსე უპირისპირდება თანამედროვე კონსუმერიზმს. „ისეთი პროდუქტების შექმნა მსურს, რომლებიც უფრო ინტელექტუალურია და რომლებიც გარემოზე ნაკლებ ზეგავლენას მოახდენენ”, – ამბობს დიზაინერი, რომლის წარმოსახვის ნაყოფია Airate-ი, ვერტიკალური ქარის ტურბინა ურბანული ტერიტორიებისთვის. „მე არ მსურს დრომოჭმული პროდუქტების გაკვალულ გზას მივყვე, როდესაც ადამიანები უბრალოდ ახალ ფერს უმატებენ და უფრო თანამედროვე საბოლოო ფორმას აძლევენ პროდუქტს, ნაცვლად იმისა, რომ რეალურად გააუმჯობესონ იგი”. მისი ოცნების პროექტია: თვითმფრინავის ეკონომ-კლასის საშინელი დიზაინის შეცვლა და გაუმჯობესება ფასის გაზრდის გარეშე.
უიკენდებს დიუსე თავის მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ჰოლანდიური კოლონიალური სტილის 1730-იან წლებში აშენებულ სახლში ატარებს, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთით მდებარეობს; აქ დიუსე (რომელმაც 2012 წელს ქრონომეტრაჟის ექსპერიმენტული ხელსაწყოების გამოფენა მოაწყო) ხშირად ფიქრობს დიზაინის მომავალზე. „მე უჟანგავი ფოლადის ბარის სკამის შექმნაზე ვმუშაობდი და მაკეტირებისა და დაკვეთილი წარმოების საშუალებით, ფაქტობრივად, ერთ დღეში დავამზადე იგი, – იხსენებს დიზაინერი. – მალე, როდესაც სუფრის დანა-ჩანგალი დაგვჭირდება, უბრალოდ ჩამოვტვირთავთ და ამოვბეჭდავთ სასურველ მოდელს. დღესდღეობით დიზაინერის პროდუქტი ნივთია, მალე კი იგი ინტელექტუალურ საკუთრებად იქცევა”. ინტელექტუალი დიუსე მხოლოდ მიესალმება ამგვარ ცვლილებას. ჩემი საუკეთესო ნამუშევრების უმრავლესობა უფრო რთული ტექნიკური პრობლემის მოგვარებას ემსახურება, ვიდრე ჩემი საკუთარი თავის შემოქმედებითად გამოხატვას, – ამბობს იგი. – დიზაინი ჩემი ჰობი და ჩემი სიცოცხლეა. ეს თვით მე ვარ”.