2017 წლის 5 ივლისს თბილისში გაიმართა კონფერენცია თემაზე: “დამოუკიდებელი დირექტორები: ძირითადი სარგებელი და უპირატესობები კომპანიებისთვის”. კონფერენცია ჩატარდა დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანებისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
კონფერენცია გახსნეს ირმა ქავთარაძემ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ბრუნო ბალვანერამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში და საშა ტერნესმა, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრმა. კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო EBRD-ის მთავარი მრჩეველი კორპორაციული მართვის საკითხებში ჯან პიერო სინია, რომელმაც ისაუბრა დამოუკიდებელი დირექტორების როლზე კორპორაციული მმართველობის სტანდარტების ამაღლებაში.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სტუმრები სამთავრობო და ბიზნეს სექტორიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანება შეიქმნა 2016 წლის აპრილში სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრების როლის წარმოსადგენად, მხარდასაჭერად და ხელისშემწყობად საქართველოში. გაერთიანების მიზანია ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის სტანდარტების გაუმჯობესებას ადგილობრივ კომპანიებში.
2016 წლის მაისში ძალაში შევიდა ცვლილებები კანონებში მეწარმეთა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ. ცვლილებები ითვალისწინებს „ანგარიშვალდებული საწარმოების“ სამეთვალყურეო საბჭოებში მინიმუმ ერთი დამოუკიდებელი დირექტორის არჩევას.