ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს საკითხზე რეზოლუცია დაამტკიცა. დებატების დასრულების შემდეგ, რეზოლუციას კენჭისყრის შედეგად მხარი ასამბლეის 114-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ იყო 13 წევრი, თავი შეიკავა შვიდმა.
რეზოლუციის მიღებას წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გამართული დებატები უძღოდა. დებატების მიმდინარეობისას, PACE-ში ისმოდა კრიტიკული განცხადებები საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შემდგომ, ასამბლეის წევრებმა „ქართული ოცნების“ უფლებამოსილების საკითხს კენჭი უყარეს.
PACE-ის მიერ შემუშავებული და დამტკიცებული რეზოლუცია „ქართული ოცნებისგან“ 2025 წლის აპრილამდე კონკრეტული დათქმების შესრულებას მოითხოვს. მათ შორისაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, დემონსტრაციებისას ძალის გადამეტებაში პასუხისმგებელი პირების დასჯა და ა.შ.
რეზოლუცია ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლისა და ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობას, რაც ზემოთ ნახსენები დათქმების შესრულებით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გაძლიერებითა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებითაა შესაძლებელი.
ამასთან ერთად, მიღებული რეზოლუციით, ასამბლეა იტოვებს უფლებამოსილებას, საქართველოს წევრობის საკითხს აპრილში კიდევ ერთხელ გადახედოს. მანამდე კი, „ქართული ოცნების“ დელეგაციას PACE-ში მხოლოდ შეზღუდული უფლებამოსილება ექნება, რაც მას უზღუდავს სხვადასხვა კომიტეტის წევრობის, არჩევნების სადამკვირვებლო კომისიის წევრობის, მომხსენებლად დანიშვნისა და სხვა უფლებებს.
PACE-ის რეზოლუციის საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტა დააანონსა. „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილება თეა წულუკიანმა და გივი მიქანაძემ პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს. წულუკიანის თქმით, მოწოდება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ „სცდება ამ ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს და უგულებელყოფს მილიონ ას ოცი ათასზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის განცხადებითვე, საქართველო რჩება ევროპის საბჭოს წევრად, თუმცა უფლებამოსილების დამტკიცების მიუხედავადაც, რეზოლუციის მიღების დღიდან წყვეტს მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში:
„საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას ჩვენი დელეგაციის წევრები განვაახლებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიცვლება უსამართლო დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ, დასრულდება შანტაჟი, ხოლო გადაწყვეტილების მიმღები თითოეული ოფიციალური თუ არაოფიციალური პირი, ასევე, მათ უკან მდგარი ძალები კარგად გაიაზრებენ, რომ მსგავსი ზეწოლა საქართველოსა და მისი მოსახლეობის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერანაირ ანტიქართულ ნაბიჯს ვერ გადაადგმევინებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას გამოეხმაურა PACE-ის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი. რუსოპულოსმა გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა და გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობდა.