რეცეპტი სკანდალისთვის

რეცეპტი სკანდალისთვის

ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე წყვილის – გურმანების ღვთაების ნაიჯელა ლოუსონისა და სარეკლამო მაგნატის ჩარლზ სააჩის ქორწინების შესახებ მითქმა-მოთქმა, როგორც ჩანს, მას შემდეგ ატყდა, რაც ერთ-ერთმა პაპარაციმ უცაბედი ფოტოს გადაღება მოახერხა. ფოტოზე აღბეჭდილი იყო, თუ როგორ ახრჩობდა სააჩი თავის ცოლს ლანჩის დროს. ტაბლოიდები წინასწარ ზეიმობდნენ განქორწინებით ატეხილ ალიაქოთს, რომელიც, როგორც წესი, ამ ამბავს უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ შედეგი კიდევ უფრო უარესი აღმოჩნდა, რაც ორი ყოფილი მოსამსახურის წინააღმდეგ თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე წყვილის მიერ მიცემულმა ჩვენებებმა გამოიწვია.

კვირას, 2013 წლის 9 ივნისს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, ერთმა თვითაღიარებულმა პაპარაციმ, რომელიც საკუთარ თავს მხოლოდ „ჟან-პოლად” მოიხსენიებს, ლონდონში, მაუნტ-სტრიტზე მდებარე ერთ-ერთი ყველაზე ნატიფი რესტორნის, Scott’s-ის მოპირდაპირე მხარეს დააყენა ავტომობილი მას შემდეგ, რაც თვალი მოჰკრა ჩარლზ სააჩის, – სარეკლამო ბიზნესის ხელმძღვანელს, პოპულარული ბრიტანელი მხატვრების ქომაგსა და სახელგანთქმული Saatchi Gallery-ის მფლობელს, რომელიც თავის მეუღლესთან, ნაიჯელა ლოუსონთან ერთად რესტორნის ტერასაზე სადილს მიირთმევდა. ნაიჯელა, რომელზეც სააჩი ათი წელია, დაქორწინებულია, მწერალი და პოპულარული ტელესელებრითია. ის დიდ ბრიტანეთში ცნობილია გადაცემების სერიებში მონაწილეობით და თავისი საკუთარი საერთაშორისო ბრენდით, The Domestic Goddess-ით („დიასახლისი”, ან სიტყვასიტყვით, „სახლის ღვთაება”). ამ ავბედით დღეს წყვილი სააჩის საყვარელ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მის 70-ე დაბადების დღეს აღნიშნავდა.

მიუხედავად მოღრუბლული დღისა და დაბალი ტემპერატურისა, სააჩი და ლოუსონი მედგრად ისხდნენ გარეთ დადგმულ მაგიდასთან,რათა სააჩის მოწევის შესაძლებლობა ჰქონოდა. ამის დამნახავი ჟან-პოლი – რომელიც დაჟინებით ითხოვს, რომ მისი სახელი არ გავამჟღავნოთ და რომელიც იმით ამაყობს, რომ არასდროს არავისთვის გადაუღია ფოტოსურათი ჭამის დროს („არ ჩაუთვლია საჭიროდ”) – მოთმინებით იჯდა თავის ავტომობილში და ყურადღებით ათვალიერებდა შვიდ ყოველკვირეულ გაზეთს, სადაც, შესაძლოა, მის მიერ გადაღებული ფოტოები მისი თანხმობის გარეშე ყოფილიყო გამოქვეყნებული. ის გაზეთებს ათვალიერებდა და თან წყვილის კაფედან გამოსვლას უცდიდა იმისათვის, რომ ლოუსონისთვის ფოტოსურათის გადაღების საშუალება მისცემოდა.

მოსვლიდან ნახევარი საათის შემდეგ ჟან-პოლმა გაზეთებს თვალი მოსწყვიტა და ზემოთ აიხედა, სადაც მას საოცარი სანახაობა ელოდა: სააჩის ლოუსონისთვის მარცხენა ხელი ყელში წაეჭირა. აი, როგორ აღწერა ჟან-პოლმა ეს სცენა: „დავინახე, როგორ ცდილობდა ქალი სააჩის მარწუხისგან თავის გათავისუფლებას და ამისათვის უკან იწევდა. ვიფიქრე, ჩარლზი რაღაცის დემონსტრირებას ცდილობს-მეთქი. ეს დაახლოებით 30 წამს გაგრძელდა. შემდეგ მან ხელში ქალის მთელი სახე მოიქცია და ისე ველურად და ღონივრად მოუჭირა ხელი, რომ ლოუსონს თავი უკან გადაუვარდა… მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ფოტოების გადაღებას განვაგრძობდი”.

სააჩისა და ლოუსონის მიერ რესტორანში გამართულ შეხლა-შემოხლის სცენას ჟან-პოლი 27 წუთის განმავლობაში ფოტოებს უღებდა. მთლიანობაში დაახლოებით 1000 მომენტალური ფოტო გადაიღო. ზოგიერთ ფოტოზე ნათლად ჩანდა, როგორ უჭერდა სააჩი თითებს ლოუსონს ცხვირის ნესტოებში; სხვა სურათებზე კი, როგორ მოექცია კაცს ცოლის ყელი თავის მარცხენა ხელში, მარჯვენა ხელით კი ლოუსონის ხელი უცნაურად ეჭირა, რაც, ერთი შეხედვით, სიყვარულის ჟესტს წააგავდა.

რესტორან Scott’s-ში ჩხუბის შემდეგ სააჩიმ ანგარიში გადაიხადა და ცოლთან ერთად ტაქსით შეფილდის ქუჩაზე, სახლში დაბრუნდა. მთელი შემდეგი კვირა წყვილი თანაცხოვრებას განაგრძობდა სახლში, რომელიც ჩელსის რაიონში მდებარეობს. ამ დროის განმავლობაში ისინი ერთად ორ წვეულებას დაესწრნენ. ერთზე, რაც უნდა ირონიული იყოს, The Mail-ის ხელმძღვანელს შეხვდნენ, რომელიც მოგვიანებით მათი ცხოვრების საგის მთავარი რეპორტიორი გახდა; აქვე შეხვდნენ ლოუსონის ძმას, დომინიკს და მის მეუღლეს როზა მონკტონს (რომელიც წარსულში პრინცესა დიანას ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გახლდათ).

შემდეგ, სააჩის დაბადების დღის ლანჩიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე, ერთ-ერთ ბრიტანულ ტაბლოიდში, Sunday People-ში ჟან-პოლის გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა. მართალია, ხმები გავრცელდა, თითქოს ჟან-პოლს დაახლოებით 22 000 დოლარი გადაუხადეს 24 საათის განმავლობაში ექსკლუზიურობის დაცვისთვის, მაგრამ, როგორც თვითონ აღიარა, ეს თანხა გაზვიადებული იყო. მან თავი შეიკავა ნამდვილი თანხის დასახელებისგან, მაგრამ შემდეგი სიტყვებით აღწერა ექსკლუზიურობის დაცვის საფასური: „მნიშვნელოვანი თანხა გაცხარებული კრიზისის დროს”. ამ ფოტოების ნახვის რიცხვი ათ მილიონს უახლოვდება. როგორც კი ექსკლუზიურობის პერიოდმა გაიარა, ჟან-პოლმა ფოტოები მსოფლიოს ათობით სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მიჰყიდა.

საზოგადოებრივი რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რასაც სახუმარო სახელი, „სააჩის ხელის ჩამორთმევა” უწოდეს, მყისიერი იყო, სააჩისთვის კი – გამანადგურებელი. ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფის დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაციის Refuge-ის („თავშესაფარი”) ხელმძღვანელმა, სანდრა ჰორლეიმ, განაცხადა: „თუ ამ ინციდენტს რამე დადებითი შედეგი აქვს, ის არის, რომ მას მასობრივი საზოგადოებრივი რეაქცია მოჰყვა, რომელმაც მთელ ქვეყანაში გამოიწვია დისკუსია ოჯახური ძალადობის შესახებ”. ამ ცხელ თემაზე კამათი მიმდინარეობდა საგაზეთო სტატიებში, რადიოსა და სატელევიზიო პროგრამებში ექსპერტებისა და პოლიტიკოსების მონაწილეობით, პარლამენტარების ჩათვლით. მია ფეროუმაც კი გაუზიარა საზოგადოებას საკუთარი აზრი Twitter-ში: „მამაკაცის მიერ რომელიმე ქალბატონის მიმართ ხელით შეხების ფაქტს რომ შესწრებოდით, რას გააკეთებდით? გუშინ, ლონდონელებით სავსე რესტორანში, არავინ არაფერი მოიმოქმედა ნაიჯელა ლოუსონის დასაცავად”.

ფოტობომბი

Scott’s-ში მომხდარი ინციდენტიდან სამი კვირის შემდეგ ლოუსონმა საკუთარი ბარგი-ბარხანა აკრიფა და ცოლ-ქმრის კუთვნილი, ჩელსიში მდებარე, $225-მილიონიანი დიდი სახლი შვიდი საძინებლით (რომელსაც მოკრძალებული სახელი „The House” ჰქვია. ეს სახელი დაბეჭდილია წინა უსაფრთხოების ინტერკომსა და კამერაზე) დატოვა. მან თან წაიყვანა თავისი ტინეიჯერი შვილები პირველი ქორწინებიდან, მიმი და ბრუნო დაიამონდები. ლოუსონის ერთ-ერთი ნდობით აღჭურვილი პირის თანახმად, როდესაც ლოუსონმა გაზეთში გამოქვეყნებული ფოტოები – და საკუთარ თვალებში აღბეჭდილი შიშის გამომეტყველება – თავისი თვალით იხილა, – გადაწყვიტა, რომ დრო იყო გუდა-ნაბადი აეკრა და გაქცეულიყო. შვილებმა დედის მიერ გადადგმულ ნაბიჯს მხარი დაუჭირეს, რადგან არც სააჩი მოსწონდათ და არც ის, თუ როგორ ეპყრობოდა მამინაცვალი დედას.

როგორც ამბობენ, სააჩიმ მას შემდეგ უბრძანა ლოუსონს „ჩემოდნების ჩალაგება და სახლიდან წასვლა”,რაც ქალმა თავისი ლონდონელი წარმომადგენლის, მარკ ჰაჩინსონის, რჩევით, უარი განაცხადა სააჩის მხარდასაჭერი განცხადების გაკეთებაზე. სააჩიმ ერთ თავის მეგობარს უთხრა, რომ, თუ ლოუსონი მიხვდა, რა „საშინელი ქორწინების მსხვერპლი გამხდარიყო… მაშინ ის ნამდვილად დიდი მსახიობი ყოფილა”. „შესაძლოა, ნაძირალა ვიყო, – დასძინა სააჩიმ, – მაგრამ ისეთი ნაძირალაც არ ვარ, რომელიც საკუთარ ცოლს ზიანს მიაყენებდა”.

ერთ მშვენიერ დღეს, მას შემდეგ, რაც ფოტოები გამოქვეყნდა, როგორც ამბობენ, Charing Cross-ის პოლიციის უბანში ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ, სააჩიმ საკუთარი სურვილით აღიარა ის, რასაც დიდი ბრიტანეთის პოლიცია ფიზიკურ შეურაცხყოფად თვლის (რომელსაც არ მოჰყვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა), თუმცა იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, London Evening Standard-ში, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მისი სვეტი ხელოვნების თემაზე, დაიბეჭდა მისი სიტყვები, რამაც საზოგადოებაში ცეცხლოვანი ქარბუქი გამოიწვია. იგი უარყოფდა ბრალდებას ფოტოზე აღბეჭდილი ინციდენტის გამო და „იუმორნარევ წაკინკლავებას” უწოდებდა მას: „ფოტოები შიშის მომგვრელია, მაგრამ ბევრად უფრო სასტიკ და ძალადობრივ შთაბეჭდილებას ახდენენ, ვიდრე ეს სინამდვილეში იყო”.

სახლიდან წასვლის შემდეგ, ორი სატელეფონო ზარის გამოკლებით, ლოუსონს სააჩის არც ერთი ზარისთვის არ უპასუხია და თითქმის მთლიანად გაწყვიტა მასთან კავშირი მეგობრების მხრიდან გამუდმებული ხვეწნისა და შეტყობინებების მიღების მიუხედავად. ამ გაუგებრობაში ჩარლზის 19 წლის ქალიშვილი, ფიბიც კი მოჰყვა. იგი სააჩის პირველი ქორწინებიდან ჰყავს ქეი სააჩისგან. ფიბიმ მომითხრო: „იმ დღის შემდეგ, რაც გაზეთში ფოტოები დაიბეჭდა და სახლიდან გაიქცა, ნაიჯელას ჩემთვის აღარ დაურეკავს”. ფიბისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან მას დედინაცვალთან და მის შვილებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

Scott’s-ში მომხდარი ინციდენტიდან ოთხი კვირის შემდეგ სააჩიმ The Mail on Sunday-ში ასეთი განცხადება გააკეთა: „სამწუხაროა, მაგრამ უნდა განვაცხადო, ასე გადავწყვიტეთ, მე და ნაიჯელა ერთმანეთს ვშორდებით”, – ამას, როგორც ჩანს, ქალი არ ელოდა.

სააჩისა და ლოუსონის განქორწინების ცერემონიალი სწრაფად ჩატარდა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 31 ივლისს, ლონდონის უზენაეს სასამართლოში, საქმის 70-წამიანი განხილვა მოეწყო განსასჯელების გარეშე და როდესაც ლოუსონმა ხელი მოაწერა თხოვნას განქორწინების შესახებ მისი მეუღლის „უგუნური საქციელის” მიზეზით. სააჩისთან დაახლოებული პირის თქმით, კაცი იმედოვნებდა, რომ განქორწინების მუქარა მის ცოლს შინ დააბრუნებდა.

ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ინტერნეტში დაიდო ჩარლზ სააჩის მიერ დაწერილი დამცინავ-ირონიული რჩევების წიგნის ციფრული ვერსია, რომელშიც ის ჟურნალისტებისა და მკითხველების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. მისი სათაურია: Be the Worst You Can Be: Life’s Too Long for Patience & Virtue („იყავი ყველაზე უარესი, როგორიც შეგიძლია იყო: ცხოვრება მეტისმეტად გრძელია მოთმინებისა და სათნოებისთვის”). მასში ის კითხვას სვამდა: „გჯერათ ერთი ნახვით შეყვარების?” და თვითონვე პასუხობდა: „შესაძლებელია, მაგრამ ღირს, რომ მეორედაც შეხედო. სიყვარული მართლაც შეიძლება ბრმა იყოს, მაგრამ ქორწინება ხშირად თვალის ამხელია”.

მართალია, წყვილის განქორწინებას არც ქონებასთან და არც ფულთან დაკავშირებული კამათი არ უდევს საფუძვლად (მიუხედავად მათი ერთობლივი ქონების – 25 მილიონი დოლარისა), ის მაინც ამ საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მწარე და საჯარო განქორწინებად იქცა. ბრიტანეთის ყველაზე მაღალი კლასის ორ წარმომადგენელს შორის დავამ მათი ქორწინების, მათი ქცევისა და მათი პიროვნებების გარდაუვალი კრიტიკული განხილვა გამოიწვია.

ერთმა პიროვნებამ, რომელიც კარგად იცნობს ცოლ-ქმარს, თქვა: „ყველაფერი სააჩის სურვილებს ემორჩილებოდა. ძალიან ძნელია მასთან თანაცხოვრება”. ერთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ლოუსონის ყოფილ მეგობარს უწოდებს, ამბობს, რომ არსებობს კიდევ ერთი, ნაკლებად საჯარო მომენტიც: „ლოუსონი ძალიან დაძაბული, ძალიან მშფოთვარე იყო, ადვილი არ იყო მასთან გვერდიგვერდ ცხოვრება, მას აქვს უნარი, ამოშალოს ადამიანები საკუთარი ცხოვრებიდან”.

26 ნოემბერს წყვილის კამათის მიზეზების შესახებ ახალი და მოულოდნელი ფაქტები გახდა ცნობილი. იტალიელი დების, ელიზაბეტ (ლიზა) და ფრანჩესკა გრილოების წინააღმდეგ წამოწყებულ სისხლის სამართლის საქმეში, – რომლებიც სააჩისა და ლოუსონთან პირად ასისტენტებად მუშაობდნენ და რომლებიც ოთხი წლის განმავლობაში სააჩისთვის, თაღლითობის გზით 1.1 მილიონი დოლარის გამოძალვაში დაადანაშაულეს – თავი იჩინა ლოუსონთან დაკავშირებულმა ბრალდებებმა. როგორც საქმეში წინასწარი სამხილის წარდგენის ნაწილი, რომელიც თავდაპირველად მარტის თვეში გამომჟღავნდა, როდესაც დებს პირველად წაუყენეს ბრალდება, მოსამართლემ, რობინ ჯონსონმა, სააჩის მიერ ლოუსონისთვის 10 ოქტომბერს, ქალის სახლიდან წასვლის შემდეგ, ოთხ თვეში მიწერილი იმეილის ნაწილი წაიკითხა.

იმეილში ეწერა: „ნაიჯელა, გაზეთმა გამომიგზავნა გრილოების მოწმეების წერილობითი ჩვენებები და მხოლოდ გამეცინა შენი უზნეო მწუხარების გამო. რა თქმა უნდა, ახლა გრილოები სუფთად გამოვლენ ამ საქმიდან იმის ნიადაგზე, რომ შენ, მიმი და ბრუნო ნარკოტიკებზე ხართ დამოკიდებულები; თქვენ მიეცით დებს უფლება, რამდენიც სურდათ, იმდენი დაეხარჯათ. ხო, ცხადია, მჯერა გრილოების ყოველი სიტყვის, გრილოებისა, რომლებმაც ბოლოს და ბოლოს მხოლოდ ფული მოიპარეს, მეტი ხომ არაფერი. ჰაიჯელა, მეორე მხრივ, საკუთრივ შენ მოწამლე შენი შვილები ნარკოტიკებით და დაღუპე მათი ცხოვრება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შენთვის სიამოვნება იყო და ახლაც საქმეები ძალიან კარგად მიგდის – ბრავო, შენ სელებრითი წამყვანად იქეცი გლობალურ სატელევიზიო თამაშის შოუში და გაგეხსნა გზა, რომელზეც ოცნებობდი, ახლა თავისუფალი ხარ, შეგიძლია ისიამოვნო ყველა ნარკოტიკით, რომელსაც მოისურვებ, სამუდამოდ. მაგარია!”

ამ იმეილის საფუძველზე ვარაუდების მთელი კასკადი აღმოცენდა, ხოლო მსოფლიო პრესამ სიხარულით მიიტანა იერიში მეტსახელზე „ჰაიჯელა”. თეორია, რომელიც სასამართლო გარჩევის პროცესში გაჩნდა, ის გახლავთ, რომ ლოუსონმა, იმისათვის, რომ დებ გრილოებს გარეთ არ გაეტანათ მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ამბავი, უფლება მისცა მათ, კომპანიის მიერ მიცემული საკრედიტო ბარათებით სააჩის ბიზნესანგარიშიდან იმდენი ფული დაეხარჯათ, რამდენიც მოესურვებოდათ (გრილოებმა თავი დამნაშავედ არ ცნეს).

ენტონი მეტცერმა, ელიზაბეტ გრილოს დაცვის წარმომადგენელმა, სასამართლოს განუცხადა, რომ ქალბატონ ლოუსონის მიერ A და B კლასის ნარკოტიკების მიღება და მის მიერ რეცეპტით მისაღები წამლების უნებართვოდ გამოყენება მას ცუდ რეპუტაციას უქმნის. ეს ის საკითხია, რომელსაც დაცვა ეყრდნობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ის თავისი მეუღლისგან დანაშაულებრივ საიდუმლოს ინახავდა”. ჯეინ კარპენტერმა, რომელიც ბრალდების მხარეს წარმოადგენდა, განაცხადა: „ეს არის სრულიად უხეში გათვლა, რომელსაც დაცვა იყენებს. დროც (რაც შეეხება ნარკოტიკების შესახებ მტკიცებას) კარგად იქნა შერჩეული და არავითარი დამთხვევა არ არის”.

სასამართლოს როგორღა ჩაუვარდა ხელთ იმეილი, რომელიც, სავარაუდოდ, სააჩის ლოუსონთან პირად მიმოწერას წარმოადგენს? ლოუსონთან დაახლოებული პირის თანახმად, სააჩის ყოფილი ცოლის დაცვის გუნდმა ის სამეფო ბრალმდებლებს გადასცა იმისათვის, რომ სასამართლო პროცესზე თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული დაკითხვის მოცულობა შეემცირებინა. მათ განზრახული ჰქონდათ ყოფილი ცოლისადმი სააჩის ღვარძლის დემონსტრირება, რითაც მიუთითებდნენ, რომ ის მეორეხარისხოვან გარემოებაზე ცდილობდა სასამართლოს ყურადღების გადატანას: სავარაუდოდ, ქალის მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ცხადია, ამ სტრატეგიამ საშინელი მარცხი განიცადა, რადგან ეს ყურადღების გადამტანი მანევრი იმ მომენტში დაიწყო, როდესაც სასამართლოს ღია სხდომაზე იმეილის წაკითხვა დაიწყეს.

უცნაური წყვილი

ძალზე სანახაობრივი და საჯარო გამოდგა იმ ქორწინების დასასრული, რომელიც ნაცნობ-მეგობრებს ყოველთვის უცნაური ეჩვენებოდათ. ლოუსონის პირველ ქმარს, ჟურნალისტსა და ტელერადიოწამყვანს, ჯონ დაიამონდს, 1997 წელს ყელის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. დაიამონდის ერთ-ერთი გატაცება, რომელიც მას ავადმყოფობის ოთხი წლის განმავლობაში ძალას აძლევდა, იყო Scrab­ble („სქრაბლი” – პოპულარული თამაში, რომლის დროსაც მოთამაშეებმა, სათამაშო დაფაზე, ცალკეული ასოებისგან მაქსიმალური რაოდენობის სიტყვები უნდა შეადგინონ) დაიამონდი თამაშობდა – ზოგიერთი წყაროს თანახმად, ზოგჯერ ფსონი 8 000 დოლარამდეც კი ადიოდა ერთი საღამოს განმავლობაში – ნაიტსბრიჯში მდებარე იტალიური რესტორნის Montpeliano-ს ცალკე ოთახში. მაღალი კლასის სხვა მოთამაშეებს შორის იყო ასევე ჩარლზ სააჩიც. სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეჯიბრების შემდეგ მოიყვანა დაიამონდმა ჯერ კიდევ ქეისთან ქორწინებაში მყოფი სააჩი სახლში თავის ოჯახთან გასაცნობად.

სააჩი, როგორც ჩანს, ქარიზმატულ, თუმცა ზოგჯერ თავის თავში ჩაკეტილ პიროვნებას წარმოადგენს. მისი ერთ-ერთი მეგობარი მას „ბატონობის მოყვარულს, მომთხოვნს, უძლეველს” უწოდებს. მან ქონება თავისი სარეკლამო კომპანიის Saatchi & Saatchi-ის საშუალებით დააგროვა. ეს კომპანია ძმასთან, მაურისთან ერთად, 1970-იან წლებში გახსნა. სააჩის საქმიანი გარიგებები 1980-იან წლებში სარეკლამო ბიზნესიდან სხვა მიმართულებით გადაიხარა. ამ კომპანიის კულმინაციად იქცა 1995 წელს, ერთ-ერთი აქტივისტი ინვესტორის მიერ, სააჩის სამსახურიდან ეფექტურად განთავისუფლება. იმ დროს მას უკვე სხვა სფეროებში ჰქონდა ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ხელოვნებაში – უკვე 1985 წლიდან დაფუძნებული ჰქონდა „Saatchi Gallery” (1991 წელს სააჩი ასევე ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი იყო, რომელმაც ჟურნალი Spy შეიძინა მისი მფლობელებისგან, ახლანდელი მისი რედაქტორის, გრეიდონ კარტერის ჩათვლით).

დაიამონდი სიმსივნით 47 წლის ასაკში, 2001 წლის 2 მარტს გარდაიცვალა. მისი სიკვდილიდან 16 დღის შემდეგ, Mail on Sunday-ში გამოქვეყნებული სააჩისა და ლოუსონის ფოტოსურათები მკითხველებს ამცნობდა, რომ ისინი „ძალიან დაახლოვდნენ”. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაშინდელი ფოტოებიც ჟან-პოლის გადაღებული იყო – იმავე პაპარაცის, რომელმაც ათი წლის შემდეგ მათი ქორწინების კრახის ფოტოსურათები გადაიღო. „ის ფოტოები უფრო ადრე, ჯონ დაიამონდის სიკვდილიდან 10 დღის შემდეგ გადავიღე, – მითხრა მან, – ამაზე კიდევ უფრო ადრე ვნახე ისინი ერთად, მაგრამ სურათების გადაღება ვერ მოვახერხე. როდესაც ბოლოს და ბოლოს შევძელი მათი ფოტოებზე აღბეჭდვა, ისინი უკვე ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს ერთად”.

როდესაც გაიგეს იმის შესახებ, რომ სააჩიმ და ლოუსონმა, დაიამონდის გარდაცვალების შემდეგ ასე მალე გააბეს ახლო ურთიერთობა, ყველამ ძალიან გაიკვირვა, მაგრამ 2003 წლის სექტემბერში ქორწინებით გამოწვეული მათი დაუფარავი ბედნიერების გამო ძალიან ცოტამ თუ გამოხატა წუხილი. ისინი მოგზაურობით ტკბებოდნენ, განსაკუთრებით – ტოსკანაში; ზოგჯერ სააჩი დაფრახტავდა ხოლმე იახტას და ისინი სარდინიაზე ერთ-ერთ განმარტოებულ კურორტს სტუმრობდნენ. მეგობრები მათ აღწერენ, როგორც „მოსიყვარულე” წყვილს, რომელიც ერთმანეთისადმი „ტაქტიანი” ურთიერთობით გამოირჩევა. და მაინც, არსებობდა მეორე მხარეც მათ ქორწინებაში, რაც ადრეულ ეტაპზევე აშკარა გახდა: „ლოუსონს უყვარს საჯაროობა, – მითხრა ერთ-ერთმა მეგობარმა, – სააჩის კი სძულს ის”. ლოუსონს, რომელიც საჯარო პიროვნებად რჩებოდა, სიამოვნებას ანიჭებდა საზოგადოებაში ტრიალი, სააჩი კი ერიდებოდა წვეულებებს, იმ წვეულებებსაც კი, რომლებსაც თვითონვე მასპინძლობდა. ამის მაგალითად გამოდგება 2008 წლის ოქტომბერში Saatchi Gallery-ის მესამე გალერეის გახსნა, რომელიც მისი სახლიდან რამდენიმე ნაბიჯზე მდებარეობს. მას ურჩევნია საღამოები სახლში Homeland-ის მსგავსი ამერიკული ტელესერიალების, ან „ფორმულა ერთისა” და ფეხბურთის მატჩების ყურებაში გაატაროს.

ამასთან, სააჩის სიფიცხე ახასიათებდა. სააჩის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის თქმით, „ის მაგიდებს, სკამებსა და ტელეფონებს ისროდა, მაგრამ რამდენადაც სწრაფად გამოდიოდა წყობიდან, ისეთივე სისწრაფით მოიბოდიშებდა ხოლმე საკუთარი საქციელის გამო”. ისინი, ვისთვისაც მისი ტირადები იყო განკუთვნილი, როგორც წესი, მალევე იღებდნენ კომპენსაციას ყვავილების სახით. ქეი სააჩიმ ერთხელ, ერთ-ერთ ინტერვიუში, თავის ყოფილ ქმარზე ასეთი რამ თქვა: „როდესაც მისი სინათლე გხვდება, ხედავ მის მომხიბვლელობასა და განსაკუთრებულობას. მე ეს ვიცი იმიტომ, რომ მისი სინათლე ერთხელ მეც მომეფინა”. მაგრამ მან გაგვაფრთხილა: „შემდეგ სინათლე მკრთალდება და სიბნელე ისადგურებს”.

თუმცა, საყოველთაო აზრით, მათი ქორწინების პირველ წლებში სახლში დიდი მხიარულება სუფევდა, მათ შორის, იმ სახლშიც, რომელშიც ბოლო დროს ცხოვრობდნენ. ეს სახლი გადაკეთებული ქარხანა იყო. ის სააჩიმ 2010 წლის დასაწყისში იყიდა. ერთ-ერთი მეგობრის სიტყვების თანახმად: The House-ში გამოფენილი იყო ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ყოველ რამდენიმე თვეში იცვლებოდა, ზოგჯერ – იქვე ახლოს მდებარე Saatchi Gallery-ში მიმდინარე გამოფენის სინქრონულად. იქ გამოფენილ მხატვრებს შორის ყოფილან ტრეისი ემინი, დემიენ ჰერსტი და ჯეიკ და დინოს ჩეპმენები.

ცოლ-ქმარი იქ იტონ-სქვეარიდან გადავიდა, ლონდონის ბელგრავიის ნაწილიდან, მათ თავზე მცხოვრებ მეზობელთან მწვავე კამათის შემდეგ, ამ უკანასკნელის ბინაში მიმდინარე გრანდიოზულ რემონტთან დაკავშირებით. იმასაც კი ამბობენ, თითქოს სააჩიმ თავის მუშებს მეზობლის ბინიდან ხარაჩოები მოახსნევინა იმიტომ, რომ ისინი მას ხედს უფუჭებდნენო. „ჩარლზს სძულდა ხმაური და ახალი სახლი მან რეკორდულ დროში შეიძინა”, – თქვა ერთმა მისმა მეგობარმა. როდესაც სააჩი და ლოუსონი სადილებს აწყობდნენ, – რომლებზეც ისეთი სტუმრები მოდიოდნენ, როგორებიც არიან სალმან რუშდი, მიკ ჯაგერი და მაიკ ნიკოლსი, – სააჩის ზოგჯერ უყურადღებო, უინტერესო, ან ფიქრებში წასული ადამიანის გამომეტყველება ჰქონდა. ერთხელ სააჩიმ მოიბოდიშა და 30 წუთზე მეტი დროით გაუჩინარდა სადილიდან, რომელსაც თავად მასპინძლობდა. ის მოგვიანებით Starbucks-ის ჭიქით ხელში დაბრუნდა სტუმრებთან.

CENTER COURT

რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა იმ დღეს რესტორან Scott’s-ში, არსებობს ამ ამბის აღდგენის აკუტაგავასეული „რასიომონის” მსგავსი მოვლენა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გააჩნია, ვის და როდის შეეკითხები ამის შესახებ. სააჩიმ ერთ თავის მეგობარს უამბო, რომ 9 ივნისს რესტორანში მომხდარი შეკამათება ძირითადად მიმის კარიერასთან იყო დაკავშირებული. მიმიმ ინტერნის სამსახური მიიღო ყოველკვირეულ ჟურნალ The Economist-ში. ლოუსონს სურდა, რომ მის ქალიშვილს უნივერსიტეტისთვის თავი არ დაენებებინა. ლანჩზე სააჩიმ თქვა, რომ არ ესმოდა, რატომ უნდა დაეკარგა მიმის დრო სტუდენტობაზე, როდესაც შეეძლო შთაბეჭდილების მოხდენა თავის უფროსებზე, The Economist-ში გაეგრძელებინა მუშაობა და უპირატესობა მოეპოვებინა იმ ახალგაზრდებთან შედარებით, რომლებიც მცირე გამოცდილებით დაამთავრებდნენ უნივერსიტეტს და არ ექნებოდათ სამსახურებრივი პერსპექტივა. ერთ მომენტში სულ უფრო მზარდი და გაცხარებული შეხლა-შემოხლის დროს, როგორც სააჩის იმ მეგობარმა მოგვითხრო, ლოუსონმა ბოდიში მოიხადა, სუფრიდან ადგა, რესტორანში შევიდა და კიბეებით ქვემოთ, ქალბატონების ტუალეტისკენ გაემართა. სააჩის მონათხრობის თანახმად, როდესაც ლოუსონი მაგიდასთან დაბრუნდა, კაცმა იგრძნო, რომ, მისდა სამწუხაროდ, ლოუსონს „კონცენტრირების უნარი დაჰკარგოდა”, სწორედ ამიტომ ეჭირა სააჩის ქალის კისერი ხელით, რომ რამენაირად მისი ყურადღება მიეპყრო. ის ეუბნებოდა ცოლს: „მისმინე, მე ძალიან მომწონს ეს ამბავი. ჩემი აზრით, დიდებულია, რომ მიმი ასეთ მოწონებას იმსახურებს The Economist-ში”.

ეს ერთი ვერსიაა. დები გრილოების წინააღმდეგ გამართულ სასამართლო პროცესზე ლოუსონმა სასამართლოს წინაშე სხვა რამ განაცხადა. მან თქვა, რომ ის რესტორნიდან პატარა ბავშვს უყურებდა და სააჩის უთხრა, როგორ მოუთმენლად ელოდა იმ დღეს, როდესაც ბებია გახდებოდა. სააჩიმ კი კისერში ხელი ჩაავლო და უყვიროდა, რომ მას მხოლოდ თავის ქმარზე უნდა ეფიქრა. (ლოუსონის განცხადებასთან დაკავშირებით ჟან-პოლმა მითხრა, რომ მას არსად არ დაუნახავს პატარა ბავშვი, ან საბავშვო ეტლი იმ დროის განმავლობაში, როდესაც სააჩი და ლოუსონი ლანჩს მიირთმევდნენ.)

29 ნოემბერს, როდესაც სააჩი გრილოების სასამართლო პროცესზე მოწმის რანგში გამოცხადდა, ის რეპორტიორებით სავსე დარბაზში აღმოჩნდა, სადაც ცოცხლად საუბრობდნენ „ტვიტერში,” ახალი ამბების განყოფილებაში და რეპორტაჟების გადასაცემად მიიჩქაროდნენ. მოწმის ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ „ძალიან გულდაწყვეტილი” იყო განქორწინებასთან დაკავშირებით და რომ მიუხედავად იმისა, რაც მან 10 ოქტომბერს ლოუსონისთვის გაგზავნილ იმეილში დაწერა (რასაც გრილოებიც ამტკიცებდნენ), მას არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა იმისა, რომ ლოუსონს ოდესმე უხმარია კოკაინი, ან რაიმე ნარკოტიკული საშუალება. მან თქვა: „მე არასოდეს, არასოდეს მქონია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ნაიჯელა ნარკოტიკებს ან რაიმე წამალს იღებს. მინდა სასამართლოს დავეხმარო, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ საერთოდ არაფერი ვიცი ამის შესახებ”. მან სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ ჯერ კიდევ აღმერთებს ლოუსონს, „მე გულგატეხილი ვარ, რომ დავკარგე ის”.

ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გაცემისას სააჩიმ განაცხადა: „თქვენ გსურთ გაიგოთ, მართლა ვფიქრობ თუ არა, რომ ნაიჯელა სრულ ჭკუაზე არ იმყოფებოდა? ერთი წამითაც კი არ მიფიქრია ეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის დიდი წარმატებით წერდა წიგნებს და ასევე დიდი წარმატებით ჩნდებოდა სატელევიზიო შოუებში”.

სააჩის ასევე სთხოვეს, ფიცის ქვეშ ეღიარებინა, რა მოხდა რესტორან Scott’s-ში ივნისის თვეში. ამ შეკითხვაზე მან ისეთნაირად უპასუხა, რომ მის მიერ ნაიჯელასთვის გაგზავნილ იმეილში ნახსენები ბრალდებისგან თავი შორს დაეჭირა: „მე ხელს მაგრად არ ვუჭერდი და არც ვახრჩობდი მას. მხოლოდ მისი კისერი მეჭირა ხელით, რათა მისი ყურადღება ჩემკენ მომემართა. თუ უფრო გასაგებად ვიტყვი…. იყო თუ არა ეს ჩხუბი მის მიერ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული? არა”.

4 დეკემბერს, სააჩის მიერ მოწმის ჩვენების მიცემის დასრულებიდან ხუთი დღის შემდეგ, ლოუსონი საკუთარი ჩვენების მისაცემად სასამართლოში მივიდა. შვიდი პოლიციის ოფიცრის დაცვის ქვეშ მყოფი, თავიდან ფეხებამდე შავებში გამოწყობილი, პერანგის თეთრი საყელოთი, მეტად უჩვეულოდ გამოიყურებოდა. მისმა, საკუთარი თავის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლოა უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო, ვიდრე საქმესთან დაკავშირებით მიცემულმა ჩვენებებმა.

ლოუსონმა ჩვენება მისცა დები გრილოების წინააღმდეგ, რომლებმაც მასთან ათ წელზე მეტხანს იმუშავეს. ქალმა თანაგრძნობით ილაპარაკა მათზე, მაგრამ დაძრახა მათი საქციელი. „არ მჯერა, რომ ლიზა ცუდი ადამიანია, – თქვა ლოუსონმა. – მე ვფიქრობ, მას მტკიცე მორალური პრინციპები არა აქვს”. მაგრამ ის, რაც გამოირკვა ხალხით სავსე სასამართლო დარბაზში, დაკავშირებული იყო მის მიერ ნარკოტიკების მოხმარებასთან.

ლოუსონმა აღიარა, რომ სულ ექვსჯერ უხმარია კოკაინი დაიამონდთან თანაცხოვრების დროს, როდესაც ქმართან ერთად მისი ფატალური ავადმყოფობის წინააღმდეგ იბრძოდა. „მე არასოდეს მქონია ნარკოტიკების პრობლემა, – უთხრა მან სასამართლოს, – მე ცხოვრებისეული პრობლემა მქონდა”. ლოუსონმა საუბარი გააგრძელა და ხუმრობაც კი სცადა. მან თქვა, რომ კოკაინის მომხმარებლები „ბევრად უფრო გამხდრები არიან”, ვიდრე ის არის. მან განაცხადა, რომ მას შემდეგ კოკაინი კიდევ ერთხელ 2010 წლის ივლისში მოიხმარა ერთი მეგობრის რჩევით, როდესაც მას „ძალიან, ძალიან რთული პერიოდი” ჰქონდა ცხოვრებაში, რაც გამოწვეული იყო სააჩის „ფარული ტერორიზმით”. ლოუსონმა აღიარა, რომ მას „მარტოობის, შიშისა და მხოლოდ უბედურების” შეგრძნება აწუხებდა. ასევე აღიარა მარიხუანის გამოყენების ფაქტი იმ მიზნით, რომ „თავი ბრწყინვალე, მაგრამ სასტიკი კაცისგან გაეთავისუფლებინა”. ბოლოს ლოუსონმა დასძინა: „აღმოვაჩინე, რომ მისი საშუალებით შეიძლებოდა აუტანელი სიტუაციის ასატან სიტუაციად ქცევა. მე ახლა… ნარკოტიკებისგან სრულებით დამოუკიდებელი ვარ”.

12 დეკემბერს ელიზაბეტ გრილომ საკუთარი დაცვა ლოუსონის მავნე ჩვევის შესახებ ფაქტების მოყვანით წარმართა. სასამართლოზე გაკეთებული განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ის არასოდეს შესწრებია ლოუსონის მიერ რომელიმე ნარკოტიკის მოხმარების ფაქტს, მას უპოვია ნარკოტიკების ხშირი მოხმარების მტკიცებულება, როდესაც ალაგებდა სახლს, რომელშიც ლოუსონი ჯერ, თავის აწ გარდაცვლილ, პირველ ქმართან ერთად ცხოვრობდა და ახლა კი სააჩისთან ერთად: „მე ვალაგებდი სახლს და ტუალეტის თავზე პატარა ტომარა შევნიშნე. გავხსენი ის იმიტომ, რომ პატარა კონვერტის მსგავსი რამ იყო და შიგ თეთრი ფხვნილი დავინახე”. გრილომ განაცხადა, რომ ერთხელ, ლოუსონის ერთ-ერთ უჯრაში, დახვეული ბანკნოტების შეკვრა იპოვა, რომელთა შორის დოლარებიც იყო. როდესაც შეკითხვა დაუსვეს, იყო თუ არა მათზე რამე კვალი, გრილომ უპასუხა: „დიახ, კვლავ ის თეთრი ფხვნილი”. კითხვაზე, თუ რამდენჯერ იპოვა მან კოკაინის მოხმარების მტკიცებულება, გრილომ განაცხადა: „დაახლოებით ყოველ სამ დღეში ერთხელ, რეგულარულად, არა ერთხელ”. მან ასევე გაუმჟღავნა სასამართლოს, რომ ლოუსონი სახლში მარიხუანის მოწევის უფლებას აძლევდა საკუთარ შვილებს – ეს იყო ბრალდება, რომლის დადასტურებას ლოუსონისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა.

13 დეკემბერს, გრილოს მიერ ჩვენების მიცემის მეორე დღეს, პროკურორმა ჯეინ კარპენტერმა მოწმეს ასეთი შეკითხვა დაუსვა: „ამტკიცებთ, რომ ქ-ნმა ლოუსონმა იცრუა სასამართლოს წინაშე?”

„დიახ”, – უპასუხა გრილომ.

როდესაც მოწმედ სასამართლოს წინაშე ფრანჩესკა გრილო წარდგა, მან დის ჩვენებები დაადასტურა ლოუსონის მიერ ნარკოტიკების ხშირი მოხმარების თაობაზე. მან სასამართლოს განუცხადა, რომ პირადად შეესწრო ფაქტს, როცა მიმი შემთხვევით წააწყდა თეთრი ფხვნილის გროვას ყუთში, რომელიც წიგნივით იყო შენიღბული. მისი ჩვენება სააჩისაც შეეხო. მან სასამართლოს განუმარტა, – „(სააჩიმ) თქვა, ‘შეგიძლიათ თქვენს დაწყევლილ იტალიაში დაიმალოთ, მაგრამ ნებისმიერ ადგილას მოგაგნებთ და გაგანადგურებთ.’ … მან თქვა, რომ მიპოვიდა და დამიჭერდა. ეს მისი სიტყვებია. ჩარლზ სააჩის გზას ვერავინ გადაუჭრის, ეს ყველამ იცის”.

ლოუსონის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა მაინც ყველგან მტკიცე რჩებოდა. სააჩის ერთ-ერთი მეგობარი ამბობს:„დიდ ბრიტანეთში ის წმინდანად ითვლება”. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონიც კი ჩაერთო ჩხუბში, როდესაც ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „გუნდ ნაიჯელას” წევრი იყო და ლოუსონს „ძალიან საყვარელი და თბილი ადამიანი” უწოდა. მოსამართლე იძულებული გახდა ნაფიცი მსაჯულებისთვის განკარგულება მიეცა, მხედველობაში არ მიეღოთ მისი კომენტარები (დები გრილოების სასამართლო პროცესზე ჩვენებების მიცემა 18 დეკემბერს დასრულდა. ორი დღის შემდეგ ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებულმა ვერდიქტმა დები გაამართლა).

ამგვარი ტურბულენტური ზაფხულის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩარლზ სააჩისა და ნაიჯელა ლოუსონს მშვენიერი ურთიერთობაჰქონდათ ერთმანეთთან. მიუხედავად სასამართლოს წინაშე განცხადებისა, რომ სააჩი გულგატეხილი იყო ნაიჯელასთან დაშორების გამო, ის ერთ თავის მეგობარს გამოუტყდა: „აღარ მიყვარს და აღარც მძულს ის. აღარც ზიზღის გრძნობა მაქვს. საერთოდ აღარაფერს ვგრძნობ მის მიმართ”. ნაიჯელას როლის შესახებ ABC-ის გადაცემების სერიებში The Taste („გემო”) იმავე მეგობარს გაანდო სააჩიმ: „ის ნაიჯელა ლოუსონი, რომელსაც მე ვიცნობ, მისთვის ღირსეულ საქმედ არ ჩათვლიდა კულინარულ შოუში მსაჯის როლის თამაშს”.

თავის მხრივ ლოუსონი – რომელმაც ზაფხული ლოს-ანჯელესში პროგრამის, The Taste-ის ჩაწერაში გაატარა, სანამ ოქტომბრის დასაწყისში ლონდონში დაბრუნდებოდა – თავისი Twitter feed-ის საშუალებით კომუნიკაციას განაგრძობს 450 000-ზე მეტ მხარდამჭერთან. კულინარიასთან დაკავშირებულ ყველანაირ ფოტოს აქვეყნებს, მათ შორის, „ახალი ხორცისგან შემწვარი” ბეკონის ნაჭრების, ძეხვის, გამომცხვარი ლობიოსი და მისი ვაჟის ბრუნოსთვის მომზადებული ჩახლილი ერბოკვერცხისაც; ასევე აქვეყნებს მის მიერ ერთი ამოსუნთქვით დაწერილ წერილებს, როგორიცაა, მაგალითად: „როდესაც ღორის ხორცის ჩვენს ხუთ მთავარ რეცეპტზე ვფიქრობ, სიამოვნებისგან კრუტუნს ვიწყებ”. მან ინტერვიუებიც მისცა, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული პროექტის კონტექტსტში და იმის ნათლად ჩვენებით, რომ მისი პირადი ცხოვრება ტაბუდადებული თემაა.

მეგობრებმა სააჩის ურჩიეს, ცხოვრება შეეცვალა, სევდა მოეშორებინა და წინსვლა გაეგრძელებინა. ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა ის 49 წლის მიმზიდველ ტრინი ვუდოლს შეახვედრა. ის განქორწინებული იყო და წარსულში მაკიაჟის შესახებ ბრიტანეთის პოპულარული რეალიტი-ტელეშოუს What Not to Wear-ის („რა არ უნდა ჩავიცვათ”) სერიების წამყვანი გახლდათ. მათი პირველი შეხვედრის ადგილი ისევ და ისევ ავადსახსენებელი რესტორანი Scott’s-ი გახდა. წყვილის ფოტოები მეორე დღესვე დაიბეჭდა. უფრო მოგვიანებით, The Daily Express-ის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, ვუდოლი და სააჩი ტაქსიში სხედან. ერთ-ერთ ფოტოზე ტაქსის უკანა დასაჯდომზე, ქალი მამაკაცის სხეულზე გადაწოლილა „და თითქმის მთლიანად უჩანს კოლგოტები, ცოტაღა აკლია, რომ ტრუსებიც გამოუჩნდეს”. ვუდოლს, და-ძმებს შორის ყველაზე უმცროსს, 20 წლის ასაკში ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ სამკურნალო რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ 23 წელია, არ მიჰკარებია არც ნარკოტიკებს და არც სასმელს. ერთი ქალიშვილი ჰყავს ბიზნესმენ ჯონი ელიკაუფთან ქორწინებიდან, რომელსაც 2009 წელს დაშორდა. სააჩი და ვუდოლი Scott’s-შიც გადაიღეს და სლოან-სკვერში მდებარე რესტორან Colbert-შიც, რომელიც The House-გან ნახევარი მილითაა დაშორებული. იქ ვუდოლი ბოლო ხანებში სულ უფრო მეტ დროს ატარებს.

ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, სააჩი ახლა რესტორან Scott’s-ში შესვლის წინ ყოველთვის ეკითხება კარებში მდგარ შვეიცარს, „პაპები (პაპარაცები) ხომ არ დგანან სადმე ახლოს?”