2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 40%-ით, 3.8 მილიონი ლარით მცირდება. 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მლნ ლარი იქნება. ამასთან ერთად, 60 ადამიანამდე მცირდება ადმინისტრაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, როცა დღეს 140 ადამიანია დასაქმებული.
ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირების პარალელურად, 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მლნ ლარი იყო.
საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ეს სიახლე აისახა ბიუჯეტის გადამუშავებულ, მე-3 ვარიანტში, რომელიც პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინა. წინა ვარიანტში, რომელიც პარლამენტს 5 ნოემბერს წარედგინა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9.8 მლნ ლარი იყო, ანუ არ მცირდებოდა და ასევე, გათვალისწინებული იყო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი – 5 მლნ ლარი.