სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის სექტემებრთან შედარებით 1.9%-ით არის შემცირებული. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 22.1%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 4.1%-ით გაიაფდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 2.1%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა გაიაფდა 11.3%-ით. ტექსტილისა და ტექსტილის ნაწარმის წარმოება 25%-ით გაიაფდა. ხე-ტყის დამუშავება და ხის ნაწარმის წარმოება 9.1%-ით გაძვირდა. 13.7%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.