წლის 10 ყველაზე ინოვაციური კომპანია

წლის 10 ყველაზე ინოვაციური კომპანია

Forbes-მა 2017 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების სია გამოაქვეყნა. რეიტინგში მოსახვედრად კომპანიები ბაზარზე მინიმუმ 7 წლის გამოჩენილები უნდა იყვნენ, გამოცემა სწორედ ბოლო 7 წლის ფინანსურ მაჩვენებლებს იყენებს კომპანიების შესაფასებლად. სიაში არ შედიან ბანკები, საფინანსო და ენერგეტიკული ორგანიზაციები. 

წლის ყველაზე ინოვაციური კომპანია ამერიკული SalesForce გახდა. კომპანია 1999 წელს Oracle-ის ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა. პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში დღეს კომპანია ერთ-ერთი ლიდერია, ის მსოფლიოს 150,000-მდე კომპანიას ემსახურება. ბოლო 12 თვეში კომპანიის გაყიდვები 25%-ზე მეტად გაიზარდა. 

მეორე ადგილი კომპანიამ Tesla დაიკავა. 2017 წლიდან ილონ მასკის კომპანიის კაპიტალიზაცია 42.1%-ით გაიზარდა. ბოლო 12 თვეში კომპანიის გაყიდვები 73%-ით გაიზარდა. გამოცემას კომპანიის ინოვაციურობის მაჩვენებელი 78%-ით აქვს შეფასებული.  

მესამე ადგილზე კომპანია Amazon-ია. ამერიკული ონლაინ გაიდვების კომპანიის ინოვაციური ინდექსი 72,7%-ია. ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის გაყიდვები 27%-ით გაიზარდა. კომპანიის დამფუძნებლის ქონებამ კი გასულ თვეს ბილ გეითსისას გაუსწრო და შედეგად ჯეფ ბეზოსი 2 დღით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო.  

რეიტინგის მეოთხე ადგილი Shanghai RAAS Blood Products-მა დაიკავა. ჩინური ფარმაცეტული კომპანიის გაყიდვები ბოლო 1 წელში 15%-ზე მეტად გაიზარდა. Forbes-ს კომპანიის ინოვაციურობა 100-დან 71%-ით აქვს შეფასებული.  

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კომპანიების ხუთეულს ასრულებს Netflix. ამერიკული კომპანია 1997 წელს დაარსდა, დღეს მას 4700 თანამშრომელი ჰყავს. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდებს შორის კომპანია გასულ წელს 71-ე ადგილს იკავებდა, კომპანიის ინოვაციურობა 71,5%-ითაა შეფასებული. 

მეექვსე ადგილი რეიტინგში კიდევ ერთმა ამერიკულმა კომპანიამ Incyte დაიკავა. ფარმა და ბიოტექნოლოგიების სფეროში მომუშავე კომპანიის გაყიდვები ბოლო 12 თვეში 46%-ით გაიზარდა.  

რეიტინგის მეშვიდე ადგილზე მოხვდა ინდური Hindustan Unilever. კომპანია 7 ბიზნეს სექტორში მოღვაწეობს და აწარმოებს როგორც თავის მოვლის, ასევე საკვებ პროდუქციას. ბოლო 12 თვეში კომპანიის გაყიდვები 3%-ზე მეტად გაიზარდა.  

კიდევ ერთმა ინდურმა კომპანიამ Asian Paints რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა. 1942 წლიდან მოღვაწე კომპანია დღეს 5800-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და სახლებისთვის სხვადასხვა დეკორატიულ პროდუქტს ქმნის. 

რეიტინგის მეცხრე ადგილი დაიკავა სამხრეთ კორეულმა Naver-მა. კომპანია ინტერნეტ გართობისა და საძიებო სისტემის ბაზარზე მუშაობს. Naver-ის გაყდვები ბოლო ერთ წელში 65%-ზე მეტად გაიზარდა.  

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური კომპანიების ათეულს ამერიკული Regeneron Pharmaceuticals ასრულებს. კომპანია 1988 დაფუძნდა და ბიოტექნიკის სფეროში მუშაობს.