Velaa Private Island-ი ერთ დროს დედამიწაზე ყველაზე მდიდრული არქიპელაგის დაუსახლებელი ნაწილი იყო. ახლა ის საოცნებო დასასვენებელი ადგილია რობინზონ კრუზოს მსგავსი ტურისტებისთვის, რომლებიც განმარტოებას ეძებენ და დასასვენებლად ქვიშიან და თოვლიან ადგილებს ირჩევენ.
მართლა თოვს მალდივებზე? მთლად ასე არ არის, მაგრამ თუ იცი, სად ეძებო, საკმარისი შანსი გაქვს, რომ თოვლის გროვიდან, საიდანაც გაყინული ფიფქები ცვივა, რამდენიმე მეტრის დაშორებით აღმოჩნდე.
ველაა პრაივიტ აილენდზე (ეს არის კუნძულს მთლიანად მოცილებული ხმელეთის პატარა ნაწილი, რომლის მესაკუთრე ერთი პირი ან კორპორაციაა) ჯერ დილის 10 საათია, ტემპერატურა კი უკვე 40 გრადუსს უახლოვდება. უღრუბლო ცა და ლაჟვარდისფერი ზღვა იმის მაუწყებელია, რომ ტროპიკულ სამოთხეში კიდევ ერთი მშვენიერი დღე დადგა. სპა-ცენტრს, რომელიც ნავმისადგომის ბოლოს ზღვას გადაჰყურებს, ერთი არაფრით გამორჩეული კარი აქვს. „მოემზადეთ ჩემი საყვარელი თავისებურებისთვის ამ კუნძულზე”, – ამბობს პეტრ კოლარი, 6 ფუტისა და 4 ინჩის (196 სმ) სიმაღლის მგზნებარე არქიტექტორი, რომელმაც ველაა დააპროექტა. ის ხელით მიბიძგებს, რომ კარს მიღმა მდებარე ოთახში შევაბიჯო. „მალდივის კუნძულებზე ეს ერთადერთი თოვლის ოთახია, – იცინის კოლარი, როდესაც შიგნით ვხვდებით. სიგრილე გამამხნევებლად მოქმედებს, მაგრამ სიურრეალისტურ ეფექტს იწვევს. მართლაც უცნაურია იმის დანახვა, ტექნიკური მომსახურების პერსონალიდან ერთ-ერთი როგორ ყრის ნიჩბით თოვლის ნარჩენებს ინდოეთის ოკეანეში, ეკვატორიდან დაახლოებით 350 მილის (560კმ) დაშორებით.
შარშან, დეკემბერში, შედგა მსოფლიოს ყველაზე ეგზოტიკურ არქიპელაგზე, მალდივის კუნძულებზე გახსნილი გართობისა და რეკრეაციის კომპლექსის – ბოლოდროინდელი ყველაზე ულტრამდიდრული კერძო საკუთრების – დებიუტი, რომელიც 43 ვილას მოიცავს. (ატოლ ველააზე, დასასვენებელი კომპლექსის გახსნამდე ცოტა ხნით ადრე, კომპანია LVMH-მა, იმავე ატოლზე Cheval Blanc Randheli გახსნა, ხოლო მოგვიანებით, წელს გაზაფხულზე, COMO გახსნის Maalifushi-ს ატოლ თააზე.) ველაას კეთილმოწყობა, რომელიც ერთად აღებული 25 ფეხბურთის სტადიონის ზომისაა, 200 მილიონი დოლარი დაჯდა. მისი მიზანია მსოფლიოს ყველაზე მაღალი მოთხოვნილების მქონე დამსვენებლების მოზიდვა.
ატოლ ნუნუზე განლაგებული ველაა, რომელიც ჰიდროპლანით 45 წუთის საფრენ მანძილზეა მალდივების დედაქალაქ მალესგან, ჩრდილოეთის მიმართულებით, ჩეხი ფინანსისტის, ირი სმეიცისა და მისი მეუღლის, რადკას საამაყო პროექტია. სმეიცი, ჩეხეთის რესპუბლიკაში ყველაზე მდიდარი კაცის, პეტრ კელნერის ახლო მეგობარია. მათ ერთობლივ საკუთრებას წარმოადგენს კომპანია Home Credit-ი, სწრაფი საცალო ვაჭრობის სესხების მთავარი პროვაიდერი რუსეთში. ეს კომპანია, – რომელიც ჩინეთში, ვიეტნამსა და კიდევ შვიდ სხვა ქვეყანაში განავრცობს თავის საქმიანობას, – იმ კაპიტალის წყალობით განვითარდა, რომელიც სმეიცმა და კელნერმა 2004 წელს მათი ქვეყნის უმსხვილესი სატელევიზიო არხის (ახლა მას აკონტროლებს Time Warner TWX-0,46%) რონალდ ლოდერისთვის მიყიდვით მიიღეს. ხუთი წლის წინ 43 წლის სმეიცს გაუჩნდა სურვილი, კუნძულის მფლობელი გამხდარიყო. მან, 2000 წლიდან მალდივის კუნძულების ხშირმა სტუმარმა თავისი ოცნება, რომლის ობიექტი საბოლოოდ ველაა გამხდარიყო, კოლარს გაანდო, როდესაც ერთ ბოთლ ღვინოს მიირთმევდნენ. „მას შემდეგ იგი აცხადებს, რომ ეს იყო მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბოთლი”, – ხუმრობს კოლარი.
საბოლოოდ, სმეიცის ოცნება ორივემ ერთად განახორციელა და ეს ოცნება, მათი მოლოდინის თანახმად, მალდივის კუნძულების ყველაზე მდიდრული და ექსკლუზიური ცენზის მქონე კურორტად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ 100-ზე მეტი ტურისტული დანიშნულების ადგილის არსებობა ფართო არჩევანის შესაძლებლობას იძლევა, ეს ორი ბიზნესმენი ცდილობს, ატოლის 26 კუნძულზე განლაგებულ დასასვენებელ კომპლექსებს შორის, თავიანთი კუნძული რაც შეიძლება მეტად მიმზიდველი გახადოს. როდესაც 2010 წელს სმეიცმა მალდივის კუნძულების მთავრობისგან ველაა 50-წლიანი იჯარით აიღო, იქ მხოლოდ გაუვალი ბუჩქნარი და პაპაიას მინდვრები იყო. მთელი სამშენებლო მასალისა და ტექნიკის შემოტანა საზღვარგარეთიდან დასჭირდათ – „გაერთიანებული ერების” ნამდვილი ფუფუნება – ხის გასაწყობი პანელები ბორნეოდან, ქვაფენილის მასალა იორდანიის უდაბნოდან (რომელზეც შიშველი ფეხით შეგიძლიათ სიარული, თუნდაც მთელი დღის განმავლობაში მზის სხივები აცხუნებდეს), ყვავილების ქოთნები ინდონეზიიდან, ეზოს სკამები იტალიიდან, პალმის ხეებიც კი მეზობელი კუნძულებიდან შემოიტანეს.
დღესდღეობით, გარდა მთავარი ვილებისა (რომელთა უმეტესობა წყალზეა აშენებული), იქ არის ხუთი ოთხსაძინებლიანი საცხოვრებელი სახლი, თითოეული საკუთარი ღრმაწყლიანი პანორამული აუზით (POOL -0.1%), სპორტული დარბაზით და სპათი; იქ არის ასევე Romantic Pool Residence-ი („რომანტიკ ფულ რეზიდენსი”), რომელში მოხვედრაც მხოლოდ ნავით შეიძლება და რომელსაც სახურავზე სასადილო ტერასა აქვს. „აქ ოქროს ონკანებს ვერსად იპოვით, რადგან ჩვენს დევიზს არ ვღალატობთ, რომელიც კორექტულ ფუფუნებას გულისხმობს”, – ამბობს კოლარი. იგი ველაას კეთილმოწყობისას თავისი საკუთარი, „რობინზონ კრუზოს” კონცეფციით ხელმძღვანელობს. „ჩემი კონცეფციის თანახმად, უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ჩვენი სტუმრები დაუსახლებელ კუნძულზე აღმოჩნდებიან და მოულოდნელად პოულობენ ამ უნიკალურ კურორტს” .
ბუნებრივია, დანიელ დეფოთი შთაგონებულ ამ თანამედროვე ქმნილებაზე (ისევე, როგორც მალდივის კურორტების უმეტესობაზე), „პარასკევაც” ბინადრობს – ან, როგორც მას ამჟამად უწოდებენ, მსახურთუფროსი.
„აქ მთავარი ბიზნესი კი არ არის, აქ მთავარი ოცნების ასრულებაა”, – დაჟინებით იმეორებს სმეიცი. ოცნება ოცნებად, მაგრამ საკურორტო სეზონის გასვლის შემდეგ ველააზე ერთოთახიან, ზღვისპირა აუზიან ვილაში გატარებული ერთი ღამის ფასი 1500 დოლარიდან იწყება, ხოლო არდადეგების სეზონზე ოთხოთახიან კერძო რეზიდენციაში გატარებული ერთი ღამის ფასი 30 000 დოლარს აღწევს.
გარდა მდიდრული ნომრებისა, კიდევ ბევრი საინტერესო რამ გელით კუს ბაქნის მოყვანილობის მქონე კუნძულზე („ველაა” ადგილობრივ ენაზე კუს ნიშნავს). სტუმრებს წყალქვეშ ცურვისა და ყვინთვის დიდებული შესაძლებლობა ეძლევათ მარჯნის რიფებსა და გარშემო მოცურავე დელფინებს შორის. ასევე შეიძლება გიგანტურ ზღვის ეშმაკებსა და მცირეწლოვან ზვიგენებსაც წააწყდნენ – რომლებიც, თეორიულად, მხოლოდ პლანქტონს მიირთმევენ და ამდენად საშიშები არ არიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინც ამჯობინებთ ასეთ კომპანიაში არ იცურაოთ, შეგიძლიათ, მზის ჩასვლისას დააკვირდეთ, თუ როგორ იკვებებიან სკატები ნავმისადგომთან. საკმაოდ ეფექტური სანახაობაა. ამ კუნძულზე შესაძლებელია ექსტრემალური სპორტის ისეთი სახეობებით სიამოვნების მიღება, როგორიცაა წყალზე თხილამურებით სრიალი, კაიაკინგი, ვეიქერბორდინგი და კაიტსერფინგი. აქვე სიბობითა და წყალქვეშა მინინავით სიარულის გამოცდილების შეძენაც შეიძლება მათთვის, ვისაც საკუთარ თავში არსებული „ჯეიმს ბონდის” გამოაშკარავება სურს.
არც ხმელეთზეა ნაკლები გასართობი. ველააზე ხის ორსართულიან, სათვალთვალო კოშკის შენობაში იოგას პავილიონი მოქმედებს; გარდა ამისა, კუნძულზე არის საბავშვო კლუბი, პლაჟზე ფრენბურთის სათამაშო ადგილები; მოქმედებს სკვოშის კორტები – ზუსტად ჩოგბურთის გადახურული კორტების გვერდით. ასეთი ტიპის ჩოგბურთის კორტები ერთადერთია მთელ მალდივის კუნძულებზე. გოლფის მოყვარულებს შეუძლიათ ივარჯიშონ Troon-ში, მოკლე გოლფის თამაშის აკადემიაში, რომელიც გოლფში ორმაგი ჩემპიონის, ხოსე მარია ოლასაბალის მიერ არის დაპროექტებული, ან პროფესიული სვინგის სტუდიაში საკუთარი სხეულის ფორმაზე იმუშაონ.
„გართობის ერთ რომელიმე სახეობას ვერ გამოვარჩევ, – ეღიმება სმეიცს. – ველააზე, უფრო მეტად, ახალი წლის არდადეგებს ვატარებდი ხოლმე და ყოველ წელს ახალ საქმიანობაში ვცდიდი ბედს. პლაჟის ფრენბურთსაც ყოველდღე ვთამაშობდი და ჩოგბურთსაც, ასევე იოგაზე დავდიოდი ყოველ მეორე დღეს და ბავშვებთან ერთად წყლის სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვიღებდი მონაწილეობას”.
კოლარი კი დასძენს: „აქ შეიძლება ორი კვირა გაატაროთ და ორჯერ ერთი და იგივე რამ არ გააკეთოთ”. განსაკუთრებით, როცა საქმე რელაქსაციას ეხება. გარდა იმისა, რომ ველააზე არსებობს თოვლის ოთახი, რომელიც ტროპიკული ადგილმდებარეობის სრულ გამოწვევად აღიქმება, ის ასევე ცნობილია My Blend Spa by Clarins-ით, რომელიც ერთადერთია მთელ აზიაში. ღრუბლის მოყვანილობის მქონე ავანგარდული კონტეინერი ნელა ირწევა და სტუმრის ღრმა რელაქსაციას უზრუნველყოფს.
კურორტი ასევე ამაყობს ღვინისა და შამპანურის უდიდესი კოლექციით, რომელიც ერთ იდუმალ და უცნაურ კოშკშია მოთავსებული. კოშკის სიმაღლე 37 ფუტია, თავზე Tavaru-ს teppanyaki-ის „გრილი” (იაპონური ტიპის „გრილი,” ანუ საჭმლის მოსამზადებელი ცხაური) აქვს. ველააში ჩამოსვლამდე, შრი-ლანკაზე დაბადებულმა დე სილვამ მთელი მსოფლიოს რესტორნები მოიარა იმ მიზნით, რომ სმეიცის მიერ დასახული რთული ამოცანისთვის მომზადებულიყო – Aragu-სთვის Michelin-ის ვარსკვლავის მოსაპოვებლად.
Tavaru-ს სპილოსძვლისფერ შენობაში, საიდანაც კუნძულის პანორამული ხედები იშლება, ღვინის სარდაფის შიგნით, კერძო სასადილო ოთახია. ეს კოშკი, სმეიცის საკუთარი ოთხსაძინებლიანი ვილის ჭიშკრიდან სულ რამდენიმე ნაბიჯზეა და გარდა საძინებლებისა, მოიცავს საკონფერენციო ოთახს ბიზნესისთვის და სასტუმრო ოთახს, რომელიც იდეალური ადგილია მზის ჩასვლის საყურებლად. მაგრამ ყველა იმ ფუფუნებას შორის, რომელსაც ველაა თავის დამსვენებლებს სთავაზობს, სმეიცს კარგად ესმის, რომ განმარტოების საშუალება ალბათ ყველაზე მთავარია. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს კომპლექსი ერთდროულად მაქსიმუმ 142 ადამიანზეა გათვლილი.
„ჩვენი მიზანია, ახალი მნიშვნელობა შევძინოთ განმარტოების შესაძლებლობას. მალდივურ კულტურას, ცხოვრების წესსა და ლანდშაფტს უსაზღვრო შესაძლებლობების შემოთავაზება შეუძლია, – ამბობს ის. – ეს არის ადგილი, სადაც ნებისმიერი მოთხოვნა სრულდება და სადაც თითოეულ სტუმარს საბოლოოდ ისეთი გრძნობა ეუფლება, რომ ეს მხოლოდ მისი საკუთარი სამოთხეა”.