საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 23%-ით (43.9 მლნ დოლარით) გაიზარდა, ხოლო იმპორტი 6%-ით (45 მლნ დოლარით) შემცირდა. მიმდინარე წლის აგვისტოში ექსპორტი გაზრდილია 2015 წლის აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებითაც (46 მლნ დოლარით), ხოლო 2014 წლის აგვისტოს ექსპორტს კი 11.5 მლნ დოლარით ჩამორჩება.
2017 წლის აგვისტოში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 236.1 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 699.7 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 463.6 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის აგვისტოს უარყოფით ბალანსზე 89 მლნ დოლარით ნაკლებია.
რვა თვის ჯამში, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 28.5%-ით (373 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 7.5%-ით (345 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.