საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის ივნისში 2015 წლის ივნისთან შედარებით, საქართველოს საქონლის ექსპორტი 15%-ით (31 მლნ დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 141%-ით (858 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის ივნისის ექსპორტს 2014 წლის ივნისის მაჩვენებელს თუ შევადარებთ, 31%-ით (76 მლნ დოლარით) არის შემცირებული. ექსპორტი ჩამორჩება 2013, 2012 და 2011 წლების მაჩვენებელსაც.
2016 წლის ივნისში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 168 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 1465 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 1297 მლნ დოლარია, რაც 2015 წლის ივნისის უარყოფით ბალანსზე 889 მლნ დოლარით მეტია.
იანვარ-ივნისის ჯამურ მაჩვენებელს რაც შეეხება, ექსპორტი 12%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 30%-ით არის გაზრდილი. საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 19 ივლისს გამოქვეყნდება.