რამდენად ხშირად იყენებენ საბანკო სერვისებს საქართველოსა და მსოფლიოში

რამდენად ხშირად იყენებენ საბანკო სერვისებს საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში საფინანსო ინსტიტუტში ანგარიში მოსახლეობის 61.2%-ს აქვს გახსნილი, რაც ჩამოუვარდება ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, აღნიშნულ რეგიონში ანგარიში საფინანსო ინსტიტუტში მოსახლეობის საშუალოდ 65.1%-ს აქვს გახსნილი. აღსანიშნავია, რომ იმ მოსახლეობის წილი, ვისაც ანგარიში აქვს ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად გაიზარდა, – 2014 წელს მსგავსი მოსახლეობის წილი მხოლოდ 36.7% იყო. 

მსოფლიო ბანკის The Global Findex-ის მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტში ანგარიში 2014-დან 2017 წლების ჩათვლით, 515 მილიონმა ზრდასრულმა ადამიანმა გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 69%-ს ბანკში თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტში აქვს ანგარიში გახსნილი. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში საბანკო ანგარიში მოსახლეობის 94%-ს აქვს გახსნილი, ხოლო განვითარებად ქვეყნებში კი 63%-ს. 

საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში საფინანსო ინსტიტუტში ანგარიში მოსახლეობის მხოლოდ 28.6%-ს აქვს გახსნილი, სომხეთში 45.3%-ს, თურქეთში 67.7%-ს, ხოლო რუსეთში კი 75.8%-ს. 

შვედეთში აღნიშნული მაჩვენებელი 99.7%-ია, ფინეთში 99.8%, გერმანიაში 99.1%, საფრანგეთში კი 94.0%. 

კვლევის მიხედვით, საქართველოში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ელექტრონული გადახდით მოსახლეობის 53%-ს უსარგებლია, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგონში კი ეს მაჩვენებელი 60.4%-ია. საქართველოს მეზობელ აზერბაიჯანში ბოლო 1 წლის განმავლობაში ელექტრონული გადახდით მოსახლეობის მხოლოდ 24.6%-მა ისარგებლა, სომხეთში 41.5%-მა, რუსეთში 70.5%-მა, ხოლო თურქეთში კი 63.8%-მა. 

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოში ელექტრონული გადახდით მოსახლეობის მხოლოდ 20.8% სარგებლობდა. 

კომუნალური გადახდებისთვის ელექტრონული საშუალება ბოლო ერთ წელში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 16.3%-მა გამოიყენა. ინტერნეტი გადასახადების გადახდისთვის ბოლო 12 თვეში საქართველოს მოსახლეობს მხოლოდ 13.5%-მა გამოიყენა. ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ეს მაჩვენებელი 30.6%-ია.