სექტემბრის მდგომარეობით ბანკების მიერ 25 მილიარდი ლარის სესხია გაცემული

სექტემბრის მდგომარეობით ბანკების მიერ 25 მილიარდი ლარის სესხია გაცემული

2018 წლის სექტემბერში, წინა თვესთან (აგვისტოსთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 187 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 87 მლნ დოლარით გაიზარდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.2 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 682 მლნ დოლარით. პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 25 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.8%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 56.5% იყო.

სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 6 მლნ ლარით გაიზარდა. გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 42 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი 36 მლნ ლარით შემცირდა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ბანკების მიერ გაცემული სესხების საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 11.5% შეადგინა. აგვისტოში აღნიშნული განაკვეთი 11.6% იყო. ბოლო ერთ წელიწადში სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 1.8% პუნქტით არის შემცირებული.

ცალკე აღებულ ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 15%-ია. ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1% პუნქტით შემცირდა.

უცხოურ ვალუტაში (რეალურად დოლარში) გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.3%-ია. ბოლო ერთ წელიწადში დოლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1% პუნქტით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.