სლოვაკეთის მთავრობის კაბინეტის წევრები ერთთვიანი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით შეთანხმდნენ, რომ პრემიერ-მინისტრი იგორ მატოვიჩი თანამდებობას დატოვებს.
კვირას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ის გადადგება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის. მისივე თქმით, იგორ მატოვიჩმა ფინანსთა მინისტრ ედუარდ ჰეგერს პოსტების გაცვლა შესთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჰეგერმა განაცხადა: „მე ვიღებ ამ გამოწვევას“.
კრიზისი სლოვაკეთში სამი კვირის წინ დადებულმა საიდუმლო გარიგებამ გამოიწვია, რომელიც სლოვაკეთის მხრიდან კორონავირუსის ვაქცინის რუსეთის Sputnik V-ის 2 მილიონი დოზის შეძენას გულისხმობდა. იგორ მატოვიჩმა გარიგება კოალიციური მთავრობის თანხმობის გარეშე დადო.
პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის სწრაფად გადაჭრას არაერთხელ შეეცადა. Sputnik V-ის შეძენით, მატოვიჩის აზრით, ის დააჩქარებდა ვაქცინაციის პროგრამას ევროკავშირის ერთ–ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყანაში. სლოვაკეთში პანდემიით დაახლოებით 9,500 ადამიანი გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრის აღნიშნულმა ნაბიჯმა სლოვაკეთის პრეზიდენტ ზუზანა კაპუტოვას შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან ქმედებამ შესაძლოა, ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე იქონიოს გავლენა. სლოვაკეთი ევროკავშირის ნაწილია, რომელსაც ჯერ არა აქვს დამტკიცებული რუსული ვაქცინის ეფექტიანობა.