ნავთობი ჩაიძირა. უმართლებს ბრაიან შეფილდს, მისი ჭაბურღილები თითო-ოროლა საბურღად ვარგის საუკეთესო ადგილს შორის რომაა განლაგებული.
ნავთობის ფასების დიდ ვარდნამდე, ბრაიან შეფილდს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისი Parsley Energy-ს სათავო ოფისი მტვრიან მიდლენდში (ტეხასი) მიეტოვებინა და უფრო მოდურ ოსტინში, ახალთახალ საოფისე ცათამბჯენში გადაბარგებულიყო. ახლა ცოტა თავმდაბლურად ჩასცქერის მდინარე კოლორადოს მოკაიაკეებს. „ამ ოფისში ბარელი ნავთობი $100-ს უდრის“, – ამბობს ის. ნავთობი დღეს ამის ნახევარ ფასად იყიდება, ჰოდა, აბა, როგორ შეძლო ძალაუფლების ახალ სკამზე ასე კომფორტულად მოკალათება?
Parsley პერმული აუზის 12,000 აკრს აკონტროლებს, რომელიც დასავლეთ ტეხასიდან ნიუ-მექსიკომდეა გადაჭიმული. ნავთობსადენისა და საბურღი ინფრასტრუქტურის წყალობით, ბარელი $50-ითაც შეგიძლია, იქ მოგება ნახო. თანაც აუზის რეზერვთა დიდი ნაწილი ხელშეუხებელი იყო, სანამ ბოლოდროინდელმა ტექნოლოგიურმა წინსვლებმა Parsley-სა და სხვებს ჰორიზანტალური ბურღვის საშუალება არ მისცა. ამ სარფიანი კომბინაციის მეშვეობით კომპანიის აქციების ფასი ბოლო რამდენიმე თვეში გაორმაგდა და შეფილდის 20%-იანმა წილმაც $ 1 მილიარდს გადააბიჯა.
38 წლის შეფილდმა Parsley 2008 წელს, ნავთობის რეკორდული რბოლის პერიოდში დააარსა, მანამდე კი 109 ძველ ტეხასურ ჭაბურღილს დაეპატრონა, რომელსაც 1960-იანებსა და 70-იანებში ბაბუამისი ბურღავდა მიდლენდის შემოგარენში. ამ ჭაბურღილების ქვეშ კვლავაც უამრავი ნავთობი იყო და 2009-ში ფასების ხანმოკლე ვარდნისას Parsley-მ იჯარით გროშებად აიღო რამდენიმე ასეთი ჭაბურღილი. ხუთი წლის თავზე შეფილდმა კომპანია საჯარო ბაზარზე გაიტანა.
ბაბუა ჯოს ჭაბურღილების წყალობით, რომლებიც ამერიკის უკანასკნელი ყველაზე ნაყოფიერი ნავთობსაბადოს შუაგულში არის მოქცეული, Parsley-მ ბოლო ორ წელიწადში $1 მილიარდზე მეტი ღირებულების ახალი აქციები გაყიდა და თავისი ამბიციური საწარმოო მიზნის დაფინანსებას შეუდგა: 50%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით ანუ 34,000 ბარელი დღეში. „გაგვიმართლა… იღბლიანები ვართ, – ამბობს შეფილდი, – რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების საუკეთესო ტერიტორიაზე საუკეთესო ქანი გვაქვს“.