სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი გასული წლის დეკემბერში წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 0.8%-ით შემცირდა, ხოლო 2016 წლის დეკემბერთან შედარებით 8.7%-ით არის გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში, საქართველოში პროდუქციის წარმოება 8.7%-ით გაძვირდა. 2010 წელთან შედარებით კი დღეს პროდუქციის წარმოება 45%-ით მეტ დანახარჯს მოითხოვს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 8.5%-ით გაძვირდა. მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება 8.1%-ით, ლითონის მზა ნაწარმის წარმოება 16.4%-ით, რეზინისა და პლასტმასის წარმოება 13.5%-ით, ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 9.2%-ით გაძვირდა. ტყავის და ტყავის ნაწარმის წარმოება 16%-ით გაიაფდა, საფეიქრო ნაწარმის კი 11.4%-ით.