ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.4 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 499 მლნ დოლარით. პირველი ივლისის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 23.3 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 54.7%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 57.9% იყო.
2018 წლის ივნისში, წინა თვესთან (მაისთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 236 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 60 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 71 მლნ ლარით გაიზარდა.
ივნისში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 27 მლნ ლარით გაიზარდა. გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 38 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მოკლევადიანი 11 მლნ ლარით შემცირდა.
ივნისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 26 მლნ ლარით შემცირდა და 384 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.6%-ია, რაც დაბალი მაჩვენებელია. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ ივლისს 2.3% იყო.
2018 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი არ შეცვლილა და 16%-ზე შენარჩუნდა. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი ივნისში განაკვეთი 0.2% პუნქტით შემცირდა და 8.1% შეადგინა.