სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ბერიძე განახლებადი ენერგიების ახალ რეგულაციებზე საუბრობს:
„ნეტო-აღრიცხვის ანუ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული მიკროელექტროსადგურების აქტიური დანერგვა პრაქტიკაში 2016 წელს დაიწყო და განსაკუთრებული აღმავლობა 2019 წლიდან განიცადა. ამჟამად მიკროსადგურების ჯამური სიმძლავრე შეადგენს 40 მეგავატს (93% – მზის სადგურები), იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების (კვალიფიციური საწარმოების) სიმძლავრე მიმდინარე მომენტისათვის ნულის ტოლია, ხოლო ქარის სადგურების – 20 მეგავატის. აღნიშნული ფაქტი ნეტო-აღრიცხვის მთავარი დადებითი მხარეა, თუმცა არსებობს უარყოფითიც და მათ შორის პირველ რიგში ის, რომ მახინჯდება ანგარიშსწორების საათობრივი პრინციპი, სხვადასხვა დროს წარმოებული და მოხმარებული ენერგიების გაქვითვით და მომხმარებლის მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებული და გაქვითული ენერგიის მოცულობაზე ქსელის მომსახურების საფასურის არ გადახდით, . რაც ჯერჯერობით არაარსებითია, თუმცა ქსელური ტარიფების დამძიმების გათვალისწინებით, სამომავლოდ ყურადსაღები ფაქტორია.
ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება ე.წ. „Self Consumption”- თვითმოხმარება. აღნიშნული ცნება და ზოგადად პროცესი შემოიტანა მე-4 ევროპულმა ენერგეტიკულმა პაკეტმა, რომლის საკვანძო ფრაზა-სლოგანია „განახლებადი ენერგია ყველა ევროპელისათვის“. საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფო, ვალდებულია, 2023 წლის 31 დეკემბრიდან მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულ პაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. აღნიშნული ფაქტი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ნეტო-აღრიცხვის წარმატებით დანერგილი რეგულაცია.
განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი (პროსიუმერი – Produser+Consumer ) არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და რომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოს წარმოებული განახლებადი ელექტროენერგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასაყოფაცხოვრებო განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებლისთვის ეს საქმიანობა წარმოადგენს ძირითად კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი წყაროს მფლობელი შეზღუდულია მხოლოდ მისაერთებელი სიმძლავრით, ნაცვლად დღეს არსებული დამატებით 500-კვტ-იანი შეზღუდვისა. ამ შემთხვევაშიც უმთავრესი ამოცანაა საკუთარი მოხმარების მაქსიმალური დაკმაყოფილება, ხოლო გამანაწილებელ ქსელში გაცემული ენერგია, ყოველსაათური სიდიდით იყიდება ან/და გადაეცემა სხვა მომხმარებლებს. ქსელში გაცემული ელექტროენერგიის ვირტუალური დაგროვება და გაქვითვა არ ხდება. თვითმომხმარებლის წარმოების საშუალების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად უნდა იქნეს აღრიცხული, ადგილზე მოხმარებული ენერგიის ჩათვლით. ქსელში გაცემული ელექტროენერგია შეიძლება სარგებლობდეს მხარდაჭერის სქემებით ან გაიყიდოს ბაზარზე შესაბამისი საბითუმო ფასით ინდივიდუალური პირის ან აგრეგატორის მიერ, ან გაზიარდეს გარკვეული ჯგუფის ფარგლებში.
აღნიშნული ნორმის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიან ათვისებასა და მოხმარებაში მისი წილის გაზრდაში, ასევე ელექტროენერგეტიკული სისტემის რაციონალურად გამოყენების კუთხით, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის დამატებით სიმძლავრეებზე მოთხოვნისა და ქსელში დანაკარგების შემცირების კუთხით. მეორე მხრივ, არის ენერგოეფექტიანობის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, საკუთარი წარმოებით მაქსიმალურად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე და მოახდინოს ენერგომატარებლებზე ხარჯების ოპტიმიზაცია.
განახლებად ენერგიაზე მომხმარებლის თავისუფალი და არადისკრიმინაციული დაშვების ერთ-ერთი საინტერესო ინსტრუმენტია აგრეთვე ე.წ. „წარმოშობის სერტიფიკატები“- Guarantee of origin (GO), რომლის ფუნქციაა, საბოლოო მომხმარებელს დაუმტკიცოს, რომ ენერგიის მოცემული რაოდენობა ან წილი განახლებადი წყაროებიდანაა წარმოებული, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი, რომელსაც სურს, სრულად ან ნაწილობრივ მოიხმაროს განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ენერგია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს მიმწოდებელს ინფორმაციის გამჟღავნება, მიწოდებულ ენერგიაში რა წილი აქვს განახლებად ენერგიას. აღნიშნული პროცესის სამართლებრივად და ტექნიკურად დასარეგულირებლად საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას, როგორც წარმომავლობის სერტიფიკატების გაცემის უფლებამოსილ ორგანოს, დაევალა შესაბამისი რეესტრის წარმოება და სერტიფიკატების გაცემა. ამჟამად რეგისტრაციის პროცესი დაიწყო (დარეგისტრირებულია 39 ელექტროსადგური და 1 მიმწოდებელი – გაცემულია 100 000-ზე მეტი სერტიფიკატი), თუმცა სამომავლოდ პროცესის პოზიტიური განვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად მოხდება აღნიშნული ნორმის გამოყენება, ენერგეტიკული ბაზრების ინტეგრაციისა და შესაბამისი პროდუქტების გაყიდვის არეალის გაფართოების კუთხით“. S