მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა, მარტინ ჩავესმა Yahoo Finance Live-ში ტექნოლოგიური გიგანტების რეგულირების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბანკო სექტორის მსგავსი რეგულირების საჭიროება ამ სფეროშიც აუცილებლად გაჩნდება. მანამდე ჩავესმა აღნიშნულ თემაზე სტატიაც მოამზადა The Economist-სთვის.
მარტინ ჩავესი ამჟამად Sixth Street Partners-ის უფროსი მრჩეველია, მანამდე მას Goldman Sachs-ში ეკავა ფინანსური დირექტორისა (CFO) და საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორის (CIO) პოზიციები. ის ფლობს დოქტორის ხარისხს ბიოინფორმატიკაში და ამასთან არის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მეცნიერებების ექსპერტი.
ჩავესის აზრით, საზოგადოებრივი ინტერესის დაცვისთვის აუცილებელია ვებპლატფორმებმა აღიარონ თამაშის საერთო წესები ბიზნესერთეულების განცალკევებაზე, მონაცემთა გაზიარებასა და ალგორითმების სტრეს-ტესტებზე. მისი თქმით, ტექნოლოგიური კომპანიების რეგულირება ურთულესი თავსატეხია, თუმცა გამოსავალი გამოცდილების გაზიარებაშია – ტექნოლოგიური გიგანტებიც დიდი ბანკებივით უნდა დაექვემდებარონ რეგულირებას.
ჩავესს ამის მაგალითად 2008 წლის ფინანსური კრიზისი მოჰყავს და ამბობს, რომ მნიშვნელოვან გამოწვევამდე ბანკები თვლიდნენ, რომ თვითრეგულირებით უკეთეს შედეგებს მიიღებდნენ, თუმცა, მისივე მტკიცებით, კრიზისის ფონზე ეს დამოკიდებულება შეიცვალა.
ამასთან, ჩავესი აღიარებს, რომ ფინანსური რეგულაციები სრულყოფილი არ არის და ხშირად თავს იჩენს არათანამიმდევრულობა. მიუხედავად ამისა, კონკურენტი ბანკები და რეგულატორები ერთად მუშაობენ საზოგადოებისა და საკუთარი ინტერესების შესაბამისად, რათა უსაფრთხო და მდგრადი ფინანსური სისტემა ჩამოაყალიბონ.
ჩავესის იდეებს ეჭვის თვალით უყურებენ სილიკონის ველზე და სავარაუდოა, რომ უახლოეს წლებში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა რეგულატორებს არ ექნებათ. ჩავესი კი თვლის, რომ თუკი ადამიანები იმსახურებენ სანდო და გამჭვირვალე საბანკო სისტემას, იგივე მოთხოვნები უნდა ჰქონდეთ ტექნოლოგიური კომპანიების მიმართაც – რა სახის ინფორმაციას და როგორ ვაზიარებთ, რაში გამოიყენება ჩვენი მონაცემები და ა.შ.