ლარის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

ლარის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ივნისს მიმოქცევაში არსებული ლარის მასამ (მოცულობამ), ე.წ. ფართო ფულის (M2) აგრეგატით, 6 მილიარდ 36 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ლარის არსებობის ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელია. ლარის მასამ სწრაფი ზრდა აპრილიდან დაიწყო და ბოლო სამ თვეში 565 მილიონი ლარით (10.3%-ით) გაიზარდა.

ლარის მასის მაჩვენებელი – M2 მოიცავს ბანკებს გარეთ არსებულ ნაღდ ფულს და ლარში განთავსებულ დეპოზიტებს. ლარის მასის ზრდის ტენდენცია ლოგიკურია, რადგან თუნდაც დაბალი მაჩვენებლით გაზრდილ ეკონომიკას მეტი ლარი ესაჭიროება.

2015 წლის თებერვლიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რისი მიზანიც ინფლაციის მომატებული დონის შემცირება იყო. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა ლარის მასაზე უარყოფითად აისახა და მიმდინარე წლის 31 იანვრისთვის ლარის მასა 5 354 მილიონ ლარამდე შემცირდა. ინფლაციური პროცესის შეჩერებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის აპრილიდან ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შერბილება დაიწყო, რაც ლარის მასის ზრდაზე პოზიტიურად აისახა. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ლარის მასის ზრდა უარყოფითად მოქმედებს ლარის გაცვლით კურსზე.

გრაფიკი – ლარის მოცულობა ფართო ფულის (M2) მაჩვენებლის მიხედვით: