2018 წლის 1 ნოემბერს, დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ პალატაში, მოსამართლე სარა კოკერილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს უმსხვილეს კერძო ბიზნესზე შესაძლოა უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინოს.
საქმე მილიარდერ ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მართვას ეხება. მოსამართლე სარა კოკერილმა დაადგინა, რომ ამ აქტივების ფაქტობრივმა განმკარგავმა, ირაკლი რუხაძემ ის ვალდებულებები დაარღვია, რომლებსაც მას კომპანია Salford Capital Partners-ის დირექტორის პოსტი აკისრებდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ირაკლი რუხაძე მოქმედებდა Salford-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შევიდა კონსპირაციაში მის წინააღმდეგ, რითაც პრაქტიკულად ხელში ჩაიგდო იმ აქტივების მართვა, რასაც წარსულში ბადრი პატარკაციშვილის მთავარი ფინანსისტი იუჯინ ჯაფი და კომპანია Salford Capital Partners International-ი განკარგავდა.
ლონდონში, უესტმინსტერის სააბატოს ტერიტორიაზე მდებარე სასამართლოს სასახლეში საქმის მოსმენა ოთხი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. სარა კოკერილის წინაშე ჩვენებები მისცეს ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ, Hunnewell Partners-ის დამფუძნებელმა ირაკლი რუხაძემ, Salford Capital Partners-ის CEO-მ იუჯინ ჯაფმა. ჩვენებები მისცეს Salford-ის ყოფილმა თანამშრომლებმა, ასევე პირებმა, რომლებიც დაცვის და მოპასუხე მხარეებს წარმოადგენდნენ.
სარა კოკერილი განაჩენში მიუთითებს, რომ ირაკლი რუხაძის დაკითხვებმა მის მონაყოლში ფაქტებისგან მკაფიო აცდენა გამოავლინა. მოსამართლე აღნიშნავს, რომ აშკარა იყო მისი ტენდენცია, სასამართლო დარბაზში ეცრუა.
“შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ბატონი რუხაძე სასამართლო პროცესის განმავლობაში სიცრუის თქმისას დიდად არ ყოყმანობდა; მეტიც, ვასკვნი, რომ მისი ჩვენება იყო არა ჭეშმარიტი, არამედ კონსტრუირებული. მეტიც, ზოჯგერ მისი განცხადებები კონკრეტულ შემთხვევებში მკაფიოდ სცდებოდა იმას, რაც მის ლეგალურ გუნდს ჰქონდა მომზადებული”, – წერია განაჩენში.
მოსამართლის აზრით, მოსმენის დროს Hunnewell Partners-ის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, იგორ ალექსეევმაც იცრუა.
ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის შესახებ განაჩენში მოსამართლე მიუთითებს, რომ მას ჩვენებისთვის მოუმზადებლობა ეტყობოდა:
“იმისდა მიუხედავად, რომ მისი ჩვენების ნაწილი წრფელი და გამოსადეგი იყო, მთლიანობაში ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენება განსაკუთრებით დამაკმაყოფილებელი იყო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისი ცხოვრების გარკვეულ პერიოდებთან მიმართებით დამკვირვებელი მის ჩვენებებში მარტივად ამოიცნობდა წინასწარ მომზადებულ ზოგად ფრაზებს. ასევე აშკარა იყო, რომ ქალბატონ გუდავაძეს დაგეგმილი ჰქონდა ზოგიერთ საკითხზე განცხადების გაკეთება, რომლებიც დასმული კითხვების შინაარსს არ შეესატყვისებოდა. მთლიანობაში ის საქმეზე იყო კონცეტრირებული, ასევე აშკარა იყო მისი მთავარი მოტივაცია და საზრუნავი – საკუთარი ოჯახის დაცვა. იმისდა მიუხედავად, რომ ქალბატონი გუდავაძე სასამართლო პროცესზე ბატონი ირაკლი რუხაძისა და Hunnewell-ის მიერ წარდგენილი მოწმე იყო, ქალბატონმა გუდავაძემ თავი შეიკავა იმის თქმისგან, რომ ის ირაკლი რუხაძეს სრულად ენდობოდა. “Доверяй, но проверяй” [რუს. ენდე, მაგრამ შეამოწმე], იყო მისი პასუხი”, – წერია განაჩენში.
Salford-ის შესახებ
კომპანია Salford Capital Partners-ი 2001 წელს ბადრი პატარკაციშვილისა და ბორის ბერეზოვსკის აქტივების განკარგვისთვის შეიქმნა. დაფუძნების დღიდან Salford-ის CEO და 100%-იანი წილის მფლობელი იუჯინ ჯაფია. Salford Capital Partners-ი პრაქტიკულად ერთადერთი კომპანია იყო, რომელიც ბადრი პატარკაციშვილს Wealth Managment-ის მომსახურებას უწევდა. Salford-ის გარდა, პატარკაციშვილის ბიზნესიმპერიის ფაქტობრივად ასი პროცენტი არაფორმალური გარიგებების სახით არსებობდა და მას არავითარი კორპორაციული სახე არ გააჩნდა.
ბადრი პატარკაციშვილმა Salford-ის ხელმძღვანელი იუჯინ ჯაფი 2001 წლის აგვისტოში გაიცნო. იუჯინ ჯაფმა [ევგენი იოფემ] საბჭოთა კავშირი 1989 წელს დატოვა და განათლების მისაღებად აშშ-ში გაემგზავრა. 1996 წელს მან ჰარვარდის ბიზნესსკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც აღმოსავლეთ ევროპასა და დსთ-ის ქვეყნებში მოქმედ საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობდა.
აღნიშნულ პერიოდში ბადრი პატარკაციშვილის უმთავრესი ბიზნესპარტნიორი ბორის ბერეზოვსკი გახლდათ. მათ ქონების უდიდესი ნაწილი 1990-იანი წლების დასაწყისში, პრივატიზაციის პირველი ტალღის დროს დააგროვეს. ბერეზოვსკი მალევე Avtovaz-ის მსხვილი აქციონერი გახდა, პატარკაციშვილი კი, რომელიც საბჭოთა პერიოდში Avtovaz-ის ერთ-ერთ საწარმოში დირექტორის მოადგილე იყო, ბერეზოვსკის ბიზნესპარტნიორი გახდა. 1994 წელს ბერეზოვსკიმ რუსეთის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ORT-ზე მოიპოვა კონტროლი, ბადრი პატარკაციშვილი მისი მოადგილე იყო. 2000 წლის ოქტომბერში ბორის ბერეზოვსკიმ რუსეთი დატოვა, რისი მიზეზიც ქვეყნის ახალ პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის დაძაბვა გახლდათ. იმის გამო, რომ პატარკაციშვილს ბერეზოვსკისთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა, მანაც რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. 2001 წელს პატარკაციშვილი საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა.
აღნიშნულ პერიოდში პატარკაციშვილის მთავარ საზრუნავს მისი ქონების უსაფრთხოება წარმოადგენდა, რადგანაც პუტინის მხრიდან მისთვის ფინანსური ზიანის მიყენების რეალური რისკი არსებობდა. Salford Capital Partners International-ი სწორედ ამისთვის შეიქმნა.
ლონდონში მიმდინარე სასამართლო პროცესის მთავარი განსახილველი საკითხი ვირჯინიის კუნძულების ოფშორში, Salford-ის დაქვემდებარებული კომპანია Value Discovery Partners-ი [ შემოკლებით VDP] იყო. VDP წარმოადგენდა პარტნიორობის სახით დაფუძნებულ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ რამდენიმე იურიდიული პირისგან შედგებოდა. VDP-ის შემადგენლობაში შემავალი პარტნიორი კომპანია 2004 წელს გიბრალტარში დაფუძნებული კომპანია New World Value Fund-ი იყო. სწორედ ეს კომპანია ფლობდა ბადრი პატარკაციშვილის აქტივების მნიშვნელოვან ნაწილს.
Salford-ი [შემოკლებით SCPI] იყო VDP-ის კომპანიის მმართველი პარტნიორი, რომელიც უფლებამოსილი იყო, მენეჯერული მომსახურების გაწევისთვის მთლიანი შემოსავლებიდან წლიური 2%-იანი საკომისიო მიეღო. კომპანია VDP ანგარიშვალდებული იყო კიდევ ორი კომპანიის – KBC-ისა და SCI-ის წინაშე. ორივე კომპანია იმ მიზნით დააფუძნეს, რომ მათ VDP-ის საქმიანობით გენერირებული შემოსავალი მიეღოთ.
იმისდა მიუხედავად, რომ VDP-ის მიერ New World Value Fund-ის აქტივები შეძენილი იყო ფულის მეშვეობით, თანხა საბოლოოდ ისევ ბადრი პატარკაციშვილსა და ბორის ბერეზოვსკის ეკუთვნოდათ. VDP-ის სტრუქტურა ისე იყო შექმნილი, რომ ამ აქტივებთან პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკის შემხებლობა გასაიდუმლოებული ყოფილიყო. ამავდროულად, არც პატარკაციშვილსა და არც ბერეზოვსკის არ ჰქონდათ არავითარი წილი არც VDP-ში და არც New World Value Fund-ში. ამის ნაცვლად, ტრასტის სტრუქტურის მიხედვით, ისინი ფლობდნენ ამ კომპანიების მიერ გამოცემულ სავალო ფასიან ქაღალდებს, რომელთა აქციებად ტრანსფორმაციაც იყო შესაძლებელი. კომპანიის წესდების მიხედვით, ამ ფასიანი ქაღალდების განაღდება მხოლოდ კომპანიის აქტივების გაყიდვით იყო შესაძლებელი.
კომპანიების მართვით მიღებული შემოსავლის გაცემის ასეთი რთული სისტემა იმიტომ იყო არჩეული, რომ ბადრი პატარკაციშვილისთვის, ან ბორის ბერეზოვსკისთვის სამართლებრივი პრობლემების შექმნის შემთხვევაში, აქტივები დაცული ყოფილიყო. იმისდა მიუხედავად, რომ SCPI ცდილობდა, დისტანცირება მოეხდინა პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკისგან, ჭორები იმაზე, რომ SCPI მათი ქონების მნიშვნელოვანი აქტივი იყო, მაინც არსებობდა. ანგარიშგასაწევია გარემოება, რომ 2006 წელს მილიარდერებს შორის უთანხმოებამ მათი ბიზნესკავშირების დასრულება გამოიწვია. მათი ურთიერთობების გაყოფის მიუხედავად, ბერეზოვსკი კვლავ ინარჩუნებდა საკუთარ აქტივებს SCPI-ში.
SCPI-ის სათავო ოფისი ლონდონში იყო, რომელსაც იუჯინ ჯაფი ხელმძღვანელობდა. კომპანიას ოფისები ბელგრადში, მოსკოვსა და თბილისში ჰქონდა, რომელსაც პატარკაციშვილის გარდაცვალების დროს ირაკლი რუხაძე მართავდა. გავლენიან მილიარდერებთან კავშირის მიუხედევად, SCPI კუთვნილი აქტივების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანწილად დამოუკიდებლად იღებდა.
2008 წლის თებერვლის მდგომარეობით, SCPI-ის აქტივები ოთხ ქვეყანაში [სერბეთი, საქართველო, რუსეთი და უკრაინა] ჰქონდა, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა $1 მილიარდს აღემატებოდა. მათ შორის, უშუალოდ VDP-ის აქტივების ღირებულება $320 მილიონს შეადგენდა.
Salford საქართველო გარკვეულწილად დისტანცირებული იყო SCPI-ის სათავო ოფისისგან. სასამართლო განაჩენის მიხედვით, Salford საქართველოს არავითარი ვალდებულება ემართა VDP-ის აქტივები არ ჰქონდა. ამასთანავე, Salford საქართველოს არც აქტივები არ იყო VDP-ის ნაწილი, ხოლო სპეციალური ტრასტის მეშვეობით მათ ირაკლი რუხაძე განკარგავდა. მათ შორის იყო ქვეყნის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია “მაგთის” აქტივები და წილი “სტანდარტბანკში”, რომელიც SCPI-იმ 2005 წელს შეიძინა. ამასთანავე Salford-ის სხვა რეგიონული ოფისების ხელმძღვანელებისგან განსხვავებით, რუხაძე პერიოდულად დავალებებს ბადრი პატარკაციშვილისგანაც იღებდა.
განაჩენის მიხედვით, პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდგომ ირაკლი რუხაძე ჩართული იყო მოლაპარაკებებში საქართველოს მთავრობასთან, რის შედეგადაც “სტანდარტბანკის” აქტივების გაყიდვა მოხდა.
თუმცა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ირაკლი რუხაძე Salfrod საქართველოს ხელმძღვანელობდა, ის ანგარიშვალდებული მისი უშუალო უფროსის, იუჯინ ჯაფის მიმართ იყო.
SCPI-ის არც-ერთი მენეჯერი, გარდა იუჯინ ჯაფისა, კომპანიის კაპიტალს არ ფლობდა. ამის ნაცვლად მენეჯერებს ეკუთვნოდათ აქციების გარკვეული მოცულობა, რომელთა განაღდებაც კომპანიის აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში იყო შესაძლებელი. აღნიშნული თანხა 2008 წლის მდგომარეობით $300 მილიონს შეადგენდა.
ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი
2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა. მილიარდერის მოულოდნელი გარდაცვალება მისი ოჯახისთვის უმძიმესი დარტყმა იყო. სარა კოკერილის განაჩენის მიხედვით, პატარკაციშვილს მისი ბიზნესი ოჯახისგან მკაფიოდ ჰქონდა გამიჯნული, რის გამოც მათ საკუთარი ოჯახის ქონების შესახებ მხოლოდ მინიმალური ინფორმაცია ჰქონდათ. მეტიც, პატარკაციშვილის ქონების გარკვეული ნაწილი სწორედ არაფორმალური სახით არსებობდა და დოკუმენტურად მისი უფლებების არსებობა თითქმის არ დგინდებოდა. მათ წინაშე იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომ ჯერ ამ არაფორმალური აქტივებისთვის მიეგნოთ, ხოლო შემდგომ კი მათზე საკუთარი უფლებების განსაზღვრისთვის მუშაობა დაეწყოთ. SCPI-ის გარდა, მათი აქტივები თითქმის მიუწვდომელი იყო. მთავარ სირთულეს წარმოადგენდა ის, რომ პატარკაციშვილს არც ანდერძი ჰქონდა დაწერილი.
მალევე დაიწყო დავების სერია ჯოზეფ ქეისთან, რომელსაც პატარკაციშვილმა ასეთივე არაფორმალური გარიგებით პრაქტიკულად მთელი საკუთარი ნაღდი ფული, საბანკო ანგარიშები და აქტივები მიანდო. ასეთივე არაფორმალური ტრასტი რუს ბიზნესმენ ნატალია ნოსოვასთანაც არსებობდა. ჯოზეფ ქეიმ წარადგინა გარკვეული დოკუმენტები, რომლებითაც ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ სწორედ ის წარმოადგენდა ქონების აღმასრულებელს. მან რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და მრავალმილიონიანი უძრავი ქონება მაიამის ძვირად ღირებულ გარეუბანში ფიშერ-აილენდზე პრაქტიკულად მიისაკუთრა. ქართულმა სასამართლომ ჯოზეფ ქეის საბუთები თავდაპირველად გაიზიარა, თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ჯოზეფ ქეის “მტკიცებულებები” გაყალბებული იყო.
ჯოზეფ ქეის გარდა, გარდაცვლილი მილიარდერის ქონების დაუფლებას კიდევ რამდენიმე პირი შეეცადა. თავდაპირველად ბორის ბერეზოვსკიმ განაცხადა, რომ ის “ოჯახის დამცველი” იყო. მისი თქმით, ეკონომიკური “გაყრა”, რაც 2006 წელს მოხდა, სინამდვილეში ბიზნესგარიგება იყო და რომ პატარკაციშვილს მის წინაშე მნიშვნელოვანი დავალიანება დაუგროვდა. ბერეზოვსკი იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ VDP-ში არსებული აქტივების 50% მას ეკუთვნოდა.
კიდევ ერთი მოდავე ოლგა საფონოვა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ ის 1997 წელს, სანქტ-პეტერბურგში პატარკაციშვილს ცოლად გაჰყვა. საფონოვას თქმით, პატარკაციშვილის კანონიერი მეუღლე არა ინა გუდავაძე, არამედ თავად იყო, რისთვისაც ის მილიარდერის ქონების 50%-ს ითხოვდა.
კიდევ ერთი მოთამაშე საქართველოს მთავრობა გახლდათ, რომელიც ოპოზიციონერი მილიარდერის წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯებს დგამდა. საქართველოს მთავრობის დესტრუქციული ნაბიჯების ერთ-ერთი მაგალითი იყო კომპანია “ბორჯომის” წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება და მისთვის წყლის ჩამოსხმის ლიცენზიის შეჩერება.
პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მალევე, ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც მის ოჯახს დახმარება და კონსულტაცია გაუწია, იყვნენ იუჯინ ჯაფე და ირაკლი რუხაძე. მათი ორგანიზებით ოჯახისთვის იურიდიული დახმარების გასაწევად მოიწვიეს ამერიკული კომპანია Debevoise & Plimpton-ი, ხოლო იურიდიული გუნდის ხელმძღვანელი ლორდი პიტერ გოლდსმიტი იყო, რომელიც მანამდე დიდი ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანი გახლდათ.
პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში SCPI-იმ იურიდიულ გუნდს პატარკაციშვილის აქტივების მოძიება და აღრიცხვა დაავალა. აღნიშნულ პერიოდში იუჯინ ჯაფი მუშაობდა გეგმაზე, რომელიც ოჯახს ბორის ბერეზოვსკის მხრიდან მომავალი რისკების მინიმიზების შესაძლებლობას მისცემდა, რის შემდეგაც ბერეზოვსკისა და გუდავაძეს შორის პირისპირ შეხვედრა შედგა, სადაც ბერეზოვსკიმ გუდავაძე დაიყოლია, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომლითაც ის პატარკაციშვილის ქონების 50%-ის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა. იუჯინ ჯაფემ ინა გუდავაძის ამ ნაბიჯს კატასტროფული შეცდომა უწოდა, რის შემდეგაც ამ მემორანდუმით მიყენებული ზიანის აღმოფხვრაზე დაიწყო მუშაობა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც დაუყოვნებელ გადაჭრას საჭიროებდა, იყო ის, რომ ოჯახს ლიკვიდური აქტივების კრიზისი ედგა. ნაღდი ფულის მარაგი პრაქტიკულად იწურებოდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო “სტანდარტბანკის” გაყიდვა, რის შედეგადაც მათ $17 მილიონი მიიღეს.
როგორ წარმოიშვა დავა SCPI-ისა და ირაკლი რუხაძეს შორის
SCPI არის დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც პატარკაციშვილისა და ბერეზოვსკის აქტივებს განკარგავდა. იმის გამო, რომ კომპანია პატარკაციშვილის ოჯახისთვის დახმარების გაწევას გეგმავდა, ამას შესაძლოა გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი მოჰყოლოდა კომპანიის კიდევ ერთ ბენეფიციარ, ბორის ბერეზოვსკისთან. ამავდროულად, ახალმა პრობლემამ იჩინა თავი: SCPI-ის აქტივებს შორის უშუალოდ პატარკაციშვილის კომპანიის, NWVF-ის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების ერთ-ერთი მფლობელი – კომპანია LMC ბორის ბერეზოვსკის გავლენის ქვეშ მოექცა.
თუმცა იუჯინ ჯაფი და SCPI ამ დაბრკოლებების მიუხედავად გეგმავდნენ აქტივების აღდგენის სრული სერვისი მიეწოდებინათ პატარკაციშვილის ოჯახისთვის. მალევე გამოიკვეთა, რომ ირაკლი რუხაძის სურვილი იყო, ეს სერვისი ოჯახისთვის მიეწოდებინა არა SCPI-ს დაქვემდებარებულ კომპანიას, არამედ ცალკე ამ მიზნით დაფუძნებულ პარტნიორობას.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილია SCPI-ის მიერ აქტივების აღდგენის მიზნით ინა გუდავაძისთვის გამართული პრეზენტაციის მზადება. ელექტრონული მიმოწერა რუხაძეს, ჯაფესა და SCPI-ს სხვა თანამშრომლებს შორის აჩვენებს, რომ პრეზენტაციაზე რუხაძე SCPI-ის ჩანაცვლებას ითხოვდა კომპანია Salford Principals-ით, რომელსაც ოჯახისთვის შესაბამისი მომსახურება უნდა გაეწია.
Hunnewell Partners-ის მხარე სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ 2008 წელს SCPI-ში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვერც თავად Salford-ი და ვერ Salford-ს დაქვემდებარებული სხვა იურიდიული პირი ქონების აღდგენის სერვისს პატარკაციშვილების ოჯახს ვერ შესთავაზებდა. ამასთანავე, რუხაძის მხარის მტკიცებით, იმის გამო, რომ ის ამ პროექტის ხელმძღვანელი იყო, გადაწყდა, რომ ის ახალ კომპანიაში 40%-იან წილს მიიღებდა. თუმცა სასამართლომ ეს განცხადება სიცრუედ მიიჩნია, რადგანაც მის გასამყარებლად შესაბამისი მტკიცებულებები არ იძებნება.
2009 წელს SCPI-ის ქოლგის ქვეშ ჩამოყალიბდა ორი კომპანია. ოქტომბრის ბოლოს Recovery Partners-ი, ხოლო Revoker-ი ნოემბრის დასაწყისში შეიქმნა. სწორედ აღნიშნულ კომპანიებს უნდა გაეწიათ აქტივების აღდგენის მომსახურება პატარკაციშვილების ოჯახისთვის. ირაკლი რუხაძე და მისი პარტნიორი იგორ ალექსეევი ახლად დაფუძნებული Revoker-ის წევრები 2009 წელს გახდნენ.
აქტივების აღდგენის პროცესში ოჯახთან დადებული პირველადი პროექტი ითვალისწინებდა ოფშორული კომპანიების გავლით ახალი ფონდის შექმნას, რომელშიც თავს მოიყრიდა აღდგენილი აქტივების ნაწილი, რაც თავდაპირველად $500 მილიონს შეადგენდა. ეს ფონდი მოიცავდა SCPI-ის პატარკაციშვილების აქტივების მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების 50%-ს და ყველა აღდგენილ ლიკვიდურ აქტივს.
2009 წლის 14 იანვარს ინა გუდავაძემ Recovery Partners-ის სახელზე $3-მილიონიანი ჩეკი გამოწერა, რაც აღნიშნული კომპანიის წლიური საკომისიო იყო.
Recovery Partners-ის წინაშე მნიშვნელოვანი გამოწვევები იდგა, მათგან პირველი მიმდინარე სასამართლო დავებში პატარკაციშვილის ოჯახის ინტერესების დაცვისთვის შესაბამისი იურიდიული დახმარების გაწევა იყო. 2008-2012 წლებში ბორის ბერეზოვსკის მხრიდან ოჯახის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში სასამართლო დავა მიმდინარეობდა. ასევე, ბრიტანეთში, საქართველოში, გიბრალტარში, ლიხტენშტეინსა და აშშ-ში პატარკაციშვილების ოჯახს ჯოზეფ ქეისთან ჰქონდა სასამართლო დავა. პარალელურად მიმდინარეობდა დავა საქართველოს მთავრობასთანაც.
ასევე გამოწვევას წარმოადგენდა ნაღდი ფულის ნაკლებობა. ოჯახს სასამართლო პროცესებში კოლოსალური თანხების გადახდა უწევდა, ამავდროულად დადგა მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მათ კუთვნილ ბიზნესებს უკავშირდებოდა. ეს კომპანიები განვითარებისთვის ახალ ინვესტიციებს საჭიროებდნენ.
2009 წლის დეკემბერში ირაკლი რუხაძემ Salford-ში თანამდებობა დატოვა. სარა კოკერილის მიერ საქმის შესწავლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს სწორედ ამ ნაბიჯის რეალური მიზეზების განსაზღვრა წარმოადგენს.
მას შემდეგ იუჯინ ჯაფსა და ირაკლი რუხაძეს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაიძაბა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, რუხაძის ქმედებები SCPI-ს ხელს უშლიდა, სრულფასოვნად აღესრულებინათ Recovery Partners-ის დაფუძნებით აღებული ვალდებულებები.
“ბატონ ჯაფისა და ირაკლი რუხაძეს შორის ურთიერთობა უფრო და უფრო უარესდებოდა. 2010 წლის სექტემბრის დასაწყისში მათ შორის კიდევ ერთი დაძაბული შეხვედრა შედგა, რომელზეც ბატონი ჯაფი მიხვდა, რომ ირაკლი რუხაძე მასზე გავლენის მოხდენას ინა გუდავაძესთან სიახლოვით ცდილობდა. “ინა ჩემია” [“Inna is mine”] ასე იხსენებს ჯაფი რუხაძის მიერ მოყოლილს. რუხაძემ ჯაფი მიახვედრა, რომ ის მის წინააღმდეგ ოჯახთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობას განიხილავდა. ამავდროულად ჯაფმა შიდა კომუნიკაციის დაწყების ნებართვა გასცა, რაც იმას ნიშნავდა, რომ SCPI ირაკლი რუხაძის მიერ კომპანია “ბორჯომის” მიმართ პირადი ინტერესების გატარებას არ დაუშვებდა. ეს ქმედება ირაკლი რუხაძემ დიდ შეურაცხყოფად მიიღო”, – წერია განაჩენში.
ჩანაწერების მიხედვით, 2011 წლის 24 მარტს ირაკლი რუხაძემ კომპანია Revoker-ის წილების საკუთარ თავზე გადაფორმება მოითხოვა, რაზეც SCPI-სგან უარი მიიღო.
აღნიშნულ პერიოდში ირაკლი რუხაძე პატარკაციშვილების ოჯახს SCPI-ის წინააღმდეგ ნეგატიურად განაწყობდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ რუხაძემ წერილობით მიმართა ოჯახის წევრებს და მათ ურჩია, რომ SCPI-ისა და Revoker-ის პროექტზე უარი ეთქვათ.
შემდგომ რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა – იგორ ალექსეევმა და ბენ მარსონმა – დააფუძნეს Hunnewell Partners-ი და მისი შვილობილი კომპანიები. ამასთანავე, SCPI-ისა და იუჯინ ჯაფის გვერდის ავლით დადეს კონტრაქტი პატარკაციშვილების ოჯახთან, რაც მათ უფლებას აძლევდა, ოჯახისთვის მიეცათ წვდომა $500 მილიონის აქტივებზე. ამასთანავე, Hunnewell-ი გაწეული მომსახურებისთვის ოჯახისთვის აღდგენილი აქტივების 15%-ს მიიღებდა.
შედეგად, SCPI-იმ დაკარგა მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, თავად გაეწია ქონების აღდგენის მომსახურება პატარკაციშვილების ოჯახისთვის. მეტიც, კომპანიამ დიდძალი ფინანსური რესურსი დაკარგა.
დღეის მდგომარეობით სწორედ Hunnewell-ი განკარგავს პატარკაციშვილების უმსხვილეს აქტივებს. მათ შორის რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას და წილს “ჰაიდელბერგცემენტში”. ასევე, თავად Hunnewell-ს აქვს ეკონომიკური ინტერესი “ლიბერთი ბანკშიც”.
კანონის რა მოთხოვნა დაარღვია ირაკლი რუხაძემ?
ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2004 წელს მიიღეს კანონი BVI კომპანიების შესახებ, რომლის მიხედვითაც “კომპანიის დირექტორი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, მთელი კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე”. რუხაძეს აღნიშნული ვალდებულებები ჰქონდა კომპანიისადმი, როდესაც ის პატარკაციშვილების ოჯახს ქონების აღდგენის სერვისს სთავაზობდა.
ამავდროულად, რუხაძეს, როგორც SCPI-ის ერთ-ერთ აღმასრულებელს, კომპანიის მიმართ Fiduciary Duties-ი მართებდა. Fiduciary Duties-ი არის კომპანიის მენეჯერთა, ტრასტის მონაწილეთა ვალდებულება, იმოქმედონ კომპანიის ინეტერესებიდან გამომდინარე, ხელი შეუწყონ მის ზრდას და განვითარებას. ეს ნორმები მოიცავს ვალდებულებებს ინტერესთა კონფლიქტების ელიმინაციისა და კომპანიის საერთო მდგომარეობის შესახებ კონფიდენციალობის დაცვის შესახებ.
Fiduciary Duties-ი აღიარებული სამართლებრივი ნორმაა და ის განმტკიცებულია ბრიტანული სასამართლო სისტემის მრავალი პრეცედენტით. სარა კოკერილი ასკვნის, რომ ირაკლი რუხაძეს, როგორც SCPI-ის ტოპ-მენეჯერს ამ ვალდებულებათა დაცვა აუცილებლად მართებდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ირაკლი რუხაძის მიერ პოსტიდან გადადგომისას დასახელებული არგუმენტი, რომ ეს საგადასახადო მიზეზებს უკავშირდებოდა, კითხვის ნიშნებს აღძრავს. ამავდროულად, სასამართლო ასკვნის, რომ რუხაძეს ასეთი ვალდებულებები ჰქონდა კომპანია Recovery Partners-ის წინაშეც.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ირაკლი რუხაძემ მოდავე მხარეს წაართვა შესაძლებლობა, თავად განეხორციელებინათ ქონების აღდგენის სერვისი, თანაც ამით დაარღვია Fiduciary Duties-ი, რომელიც მას SCPI-ის Recovery Partners-ისა და Revoker-ის წინაშე ჰქონდა. სასამართლომ ამ ვალდებულების დარღვევა დაადგინა რუხაძის დანარჩენი პარტნიორების მიმართაც, იგორ ალექსეევის შემთხვევაში კომპანიების SCPI-ისა და Revoker-ის წინაშე, ხოლო ბენ მარსონის შემთხვევაში მხოლოდ Revoker-ის მიმართ. სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძის გადადგომა საკუთარი კომპანიისთვის კონკურენციის გაწევას ისახავდა მიზნად.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს პატარკაციშვილების ოჯახი?
სასამართლოს გადაწყვეტილებაში თავად პატარკაციშვილების ოჯახის პოზიციაც არის წარმოდგენილი. სარა კოკერილი წერს:
“კროსეგზამინაციის პროცესში ინა გუდავაძემ აღნიშნა, რომ ოჯახი იმედს გამოთქვამდა, რომ ყველაფერი დალაგდებოდა და და რომ ისინი არ იყვნენ წინააღმდეგნი, მომავალში ბიზნესსაქმიანობა გაეგრძელებინათ დავის რომელიმე მხარესთან, მათ შორის იუჯინ ჯაფთან. ამასთანავე, ჩანს, რომ არ იქნება არავითარი პროგრესი, სანამ ბატონ ირაკლი რუხაძესა და ბატონ იუჯინ ჯაფს შორის ურთიერთდაძაბულობა არ იქნებოდა გადალახული”.
რა შედეგით დასრულდა სასამართლო
იუჯინ ჯაფსა და ირაკლი რუხაძეს შორის სასამართლო პროცესი ამით არ სრულდება. სასამართლო განხილვები ახლა გადაინაცვლებს მეორე ფაზაში, რის შედეგადაც დადგინდება, თუ რა დაკარგა Salford-მა Hunnewell Partners-ის ქმედებების შედეგად და რა ეკონომიკურ აქტივებზე მოიპოვეს წვდომა მოპასუხეებმა უკანონოდ. მიყენებული ზარალის შეფასებისა და აღწერის შემდეგ გადაწყდება, რისი დათმობა მოუწევს Hunnewell Partners-ს Salford-ის სასარგებლოდ. პატარკაციშვილების ოჯახის აქტივების განსაკუთრებული სიდიდიდან გამომდინარე, შემდგომმა სასამართლო გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, ათობით და ასობით მილიონის ღირებულების აქტივის ბედი გადაწყვიტოს.