იანვარში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

იანვარში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა

2018 წლის იანვარში, წინა თვესთან (დეკემბერთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 14.4 მლნ ლარით შემცირდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 24.4 მლნ დოლარით გაიზარდა. ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული უცხოური ვალუტით სესხები 413 მლნ ლარით შემცირდა. ორივე ვალუტაში ერთად, პირველი თებერვლის მდგომარეობით 22 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.9 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 305 მლნ დოლარით. საერთო სესხებში უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 56.2%-ზე დაფიქსირდა. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 65.3% იყო.

იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1 მლნ ლარით გაიზარდა და 395 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანი საკრედიტო პორტფელის მიმართ ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 1.8%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელი არ არის. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წლის პირველ თებერვალს 2.3% იყო.

2017 წლის იანვარში, დეკემბერთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.4% პუნქტით გაიზარდა და 17.2% შეადგინა. უხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი იანვარში განაკვეთი 0.3% პუნქტით გაიზარდა და 8.2% შეადგინა.